მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ დაცვას კორი სენდჰეგენთან შეეცდება.
"უბრალოდ, მზად ვარ! ჩემი მიზანია, ის დავანოკაუტო, თუმცა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ. ხვალ მე ვიგებ", - განაცხადა დვალიშვილმა წონის დაფიქსირების შემდეგ.
მოიპოვებს თუ არა ქართველი მანქანა მორიგ გამარჯვებას, ეს გამთენიისას გვეცოდინება. იქამდე, შეგვიძლია, მებრძოლების ბოლო 5-5 ბრძოლასა და მათ შედეგებს გადავავლოთ თვალი.
დვალიშვილს ყველა მათგანი მოგებული აქვს და ერთმანეთის მიყოლებით პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, უმარ ნურმაგომედოვი და 2-ჯერ შონ ო'მალი დაამარცხა.
რაც შეეხება ამერიკელს, მან 5-დან 4 ბრძოლა მოიგო - სონ იადონთან, მარლონ ვერასთან, რობ ფონტთან და დეივესონ ფიგეირედოსთან, ხოლო უმარ ნურმაგომედოვთან თავად დამარცხდა.
საერთო ჯამში, მერაბს კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 20 აქვს მოგებული, სენდჰეგენის აქტივში კი 23 ბრძოლაში მოპოვებული 18 გამარჯვებაა.
მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას ჩხუბის ფონზე, დვალიშვილი-სენდჰეგენის ბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ქართველი და ამერიკელი ოქტაგონზე 5 ოქტომბრის გამთენიის 06:00 საათიდან გამოვლენ.