ფლორიდულ დერბიში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ინტერ მაიამის სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ MLS-ის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.
ლეგენდარულმა ათიანმა ორლანდო სიტისთან გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს შთამბეჭდავ ქამბექში დაეხმარა, რომელიც ინტერ მაიამის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო
ეს იყო მესის მე-17 მრავალგოლიანი მატჩი MLS-ის რეგულარულ სეზონში, რამაც ინტერ მაიამს ისტორიაში პირველად მოაგებინა ორლანდოს მოედანზე. ამ შედეგით არგენტინელს რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 55 მატჩში უკვე 89 საგოლე მოქმედება (52 გოლი და 37 საგოლე გადაცემა) დაუგროვდა.
მესიმ ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდება უკვე მეცამეტედ მოიპოვა, რაც ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. მასზე წინ მხოლოდ ლენდონ დონოვანი (19 ჯილდო) და ჯეფ კანინგემი (14 ჯილდო) არიან. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მესი საშუალოდ ყოველ მეექვსე ტურში ახერხებს ამ აღიარების მოპოვებას.

მესი და ინტერ მაიამი მომდევნო ტურში კვლავ სტუმრად ითამაშებენ, შაბათს ისინი ბალტიმორში, M&T Bank სტადიონზე დი სი იუნაიტედს დაუპირისპირდებიან. ტურის საუკეთესო მოთამაშეს სპეციალური კომისია ავლენს, სადაც ხმების 75 პროცენტს პროფესიონალი ჟურნალისტები ანაწილებენ, ხოლო დარჩენილ 25 პროცენტს გულშემატკივრები.