ფულემის მექსიკელმა თავდამსხმელმა, რაულ ხიმენესმა, FOX Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი თავი კრიშტიანუ რონალდუზე, ლიონელ მესიზე და ჰარი კეინზე უკეთეს პენალტის შემსრულებლად დაასახელა.
34 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მსოფლიოში საუკეთესო, მისი პენალტების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი დასახელებულ ვარსკვლავებზე მაღალია.
სტატისტიკა ხიმენესის სიტყვებს ადასტურებს, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში შესრულებული 46 პენალტიდან მან მხოლოდ ორი ვერ გამოიყენა, რაც 96%-იან ეფექტურობას ნიშნავს.
შედარებისთვის, ლიონელ მესის მაჩვენებელი 77.8%-ია (144-დან 112 გატანილი), ხოლო კრიშტიანუ რონალდუსი 83.5% (218-დან 182 გატანილი).
ხიმენესმა კარიერაში პირველი პენალტი 2018 წელს მექსიკისა და ურუგვაის ამხანაგურ მატჩში ვერ გაიტანა, ხოლო მეორე 2020 წელს ევროპა ლიგაზე სევილიას წინააღმდეგ.
პრემიერ ლიგაში ხიმენესს უნიკალური შედეგი აქვს, მან 13-დან 13 პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იაია ტურეს გადაასწრო.
ამჟამად მასზე წინ მხოლოდ ტიერი ანრია, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში 23-დან 23 გამოყენებული პენალტი აქვს. მექსიკელ ფორვარდს ანრის რეკორდამდე კიდევ 11 ზუსტი დარტყმა აშორებს.