ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტი 2030 წლამდე (2+2 წლიანი სისტემით) გაახანგრძლივა, თუმცა მისი უახლესი ინტერვიუ გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.
მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებიდან ლიონელ მესის წასვლაზე ღიად ისაუბრა და აღიარა, რომ ლეგენდარული კაპიტანი უბრალოდ შეუცვლელია. მისი თქმით, მესის გავლენა მხოლოდ მოედნით არ შემოიფარგლებოდა და გუნდს მოუწევს შეეჩვიოს რეალობას, სადაც ზუსტად იმავე სტილში თამაში ფიზიკურად შეუძლებელია.
რაც შეეხება ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს, სკალონიმ ინტრიგა კიდევ უფრო გაზარდა. ნაკრები არ აპირებს ამ ნომრის ვინმესთვის ნაჩქარევად გადაცემას. მწვრთნელის თქმით, ისინი დაელოდებიან ფეხბურთელს, რომელიც 10 ნომრის ტარებას გრძელვადიანად შეძლებს და დაიმსახურებს.
მნიშვნელოვანი ცვლილებაა სამწვრთნელო შტაბშიც: გუნდს ტოვებს ვალტერ სამუელი, რომელიც კარიერას ევროპაში გააგრძელებს. პაბლო აიმარი და სხვა ასისტენტები კი პოსტებს ინარჩუნებენ. სკალონის მთავარი მიზანი ახლა ახალგაზრდა თაობის ინტეგრაციაა, თუმცა ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან ახალბედებს მესის, დი მარიასა და ოტამენდის დონემდე მისაღწევად დრო სჭირდებათ.