რეალის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ლა ლიგის მე-6 ტურში ელსესთან მატჩის (2:3) წინ სეუტას მცხოვრებთა მხარდამჭერ აქციაზე თავისი საქციელი განმარტა.
გუნდების ფეხბურთელები მოედანზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომლებზეც ეწერა Todos somos Caballas - ეს ფრაზა ნიშნავს ყველა სეუტელი ვართ.
მბაპემ, იბრაჰიმა კონატემ და ვინისიუს ჟუნიორმა მაისურები მხოლოდ სანახევროდ ჩაიცვეს, რის გამოც წარწერა თითქმის არ ჩანდა. მბაპემ და ვინისიუსმა მაისურები რეალის მოთამაშეებს შორის ყველაზე ადრე გაიხადეს. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აჩვენა ვინისიუსმა მბაპეს, როგორ ჩაეცვა მაისური, რათა სეუტას მხარდამჭერი წარწერა არ გამოჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს ესპანეთის ნახევარექსკლავის ტერიტორიაზე მაროკოდან 70 ათასზე მეტი მიგრანტი შეჭრას შეეცადა. მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქში დარჩენა მოახერხა, შტურმის მცდელობისას კი ათობით ადამიანი დაიღუპა.
„მინდა ყველაფერი განვმარტო, რათა ხალხმა გაიგოს. მაისურების აქცია კლუბების გადაწყვეტილება იყო, ამიტომ ჩვენ, ფეხბურთელებს, ისინი უნდა ჩაგვეცვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სოლიდარული ვარ სეუტასა და ყველა დაზარალებულის მიმართ. რადგან მე მხოლოდ ფეხბურთელი კი არა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ვარ.
თუმცა ასევე მსურდა ყურადღება გამემახვილებინა და ჟესტი გამეკეთებინა ყველა იმ მიგრანტის მხარდასაჭერად, რომლებიც დაიღუპნენ ან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ასეთი პოზიციის დაკავება ადვილი არ იყო, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ სეუტას მცხოვრებლებს არ ვუჭერ მხარს, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. მათ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და სულიერად 100 პროცენტით ვუდგავარ გვერდში. თუმცა ასევე მსურდა ჩემი აზრები გამოგეხატა ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც იტანჯება.
მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან და ამის დანახვა ძალიან მტკივა. ვარ ადამიანი, ვისაც უკეთესი მსოფლიო სურს. მინდა პოზიტივისა და მშვიდობის სიგნალი გავაგზავნო და იმედი მაქვს, სიტუაცია მალე გამოსწორდება, - განაცხადა მბაპემ As-თან ინტერვიუში.