ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული წარმატების, 4 ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"საერთო ჯამში, მიღწეული შედეგი რომ შევაფასოთ, ფაქტი თავისთავად მეტყველებს - ერთ ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი აქამდე არასდროს მოგვიგია, გარდა ამისა, საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დავიკავეთ და ჩემპიონები გავხდით.
მიხარია, რომ ჩემი სიტყვები სიტყვებად არ დარჩა და ყველაფერი ტატამიზე მიღწეული შედეგებით დადასტურდა. 7 მედალი მოვიპოვეთ, უკეთესი ყოველთვის შეიძლება, თუმცა პროგრამა მინიმუმი, ვფიქრობ, შესრულებულია.
ამ ტურნირის შედეგად, საქართველო ევროპაში ძიუდოში პირველია! ეს აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია, მედლებიც აგვიღია, მეტოქეებიც გაგვინადგურებია და ჩემთვის ახალი არაფერია, უბრალოდ, კარგია, რომ ახლა ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდა და ამდენმა ადამიანმა ბიჭების წარმატება თავად შეიგრძნო და პროცესის ნაწილი იყო.
მისალოცად გვაქვს საქმე - თითოეულ თქვენგანს გილოცავთ, ასევე ყველა გულშემატკივარს, ფედერაციასა და ასევე ვულოცავ ჩემი გუნდის თითოეულ წევრს. იმ ბიჭებმა კი, ვინც უმედლოდ დარჩა, გმირულად იბრძოლეს და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა", - აღნიშნა გუჯეჯიანმა.
ტრიუმფი! - საქართველომ მედლების საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა