საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა, თანაც, თანალიდერ და ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ.
რიდის ტრაბზონსპორი სტუმრად 90:93 დამარცხდა, თავად მარკისმა კი პარკეტზე გატარებულ 36:08 წუთში ყველაზე შედეგიანი სტატისტიკა შექმნა და ორივე გუნდში დიდი უპირატესობით საუკეთესო იყო - 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი. 14-დან 10 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიდი მოხსნებშიც ყველაზე მაღალშედეგიანი იყო, ხოლო ასისტების მხრივ, მე-2 შედეგი ჰქონდა - ფენერის ამერიკელმა ლეგიონერმა, უეიდ ბოლდუინმა 6 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება ქულებს, მის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ფენერის ტარიკ ბიბეროვიჩს, რომელმაც 21 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ზოგადად, მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და ამჟამად საოცარ ფორმაშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 7 ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს: ქარშიაქასთან - 24 ქულა; მანისასთან - 34 ქულა; ბეშიქთაშთან - 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან - 14 ქულა; ტოფასთან - 22 ქულა; პეტკიმ სპორთან - 30 ქულა; ფენერბაჰჩესთან - 31 ქულა.
სუპერ ლიგის 27 ტურის შედეგად, ტრაბზონსპორს 17 გამარჯვება აქვს, მე-5 პოზიციაზეა და სამეულს 2 მოგებით ჩამორჩება. 26 აპრილს, მე-8 ადგილოსან გალათასარაის უმასპინძლებს.