მილანი ბრაზილიურ კორინთიანსთან იურიდიულ დავაშია ჩაბმული 17-მილიონიანი ტრანსფერის გამო.
იტალიელები თვლიან, რომ ამომავალი ვარსკვლავის, ანდრეს შეძენა უკვე გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ბრაზილიურმა მხარემ პირობა მოულოდნელად დაარღვია.
გარიგება კორინთიანსის მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა დაბლოკა. მან ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ნიჭიერი ნახევარმცველის გაყიდვა სეზონის შუაში გუნდისთვის სპორტული კატასტროფა იქნებოდა და ფეხბურთელის შენარჩუნება მოითხოვა.
მილანი ამტკიცებს, რომ მათ აქვთ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც ტრანსფერზე საბოლოო თანხმობას ნიშნავს. თუ შეთანხმება არ შესრულდება, როსონერი მზადაა FIFA-ს მიმართოს და სოლიდური ფულადი კომპენსაცია მოითხოვოს.
ანდრეს ყიდვა კლუბის მფლობელების, RedBird-ის სტრატეგიაში ჯდება, რაც ახალგაზრდა ტალანტების ძიებას გულისხმობს. თუმცა, 17-მილიონიანი ინვესტიცია გამოუცდელ ფეხბურთელში გარკვეულ რისკებს მაინც შეიცავს.
ამ ტრანსფერზე კითხვის ნიშნებს მასიმილიანო ალეგრის ფაქტორიც აჩენს. მწვრთნელი გამოცდილ ვარსკვლავებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ გაურკვეველია, რამდენად სწრაფად შეძლებს ბრაზილიელი თინეიჯერი მილანის ძირითადში დამკვიდრებას.