უეფას ჩემპიონთა ლიგა მე-5 ტურით ბრუნდება.
დღე ორი საინტერესო მატჩით გაიხსნება. ერთ მათგანში ევროპული ფეხბურთის 2 ტრადიციული გუნდი შეხვდება ერთმანეთს, რომელთაც საშინელი სეზონი აქვთ.
ლიგის მიმდინარე ფაზაში მხოლოდ ეს 2 გუნდია, რომელთაც ოთხივე მატჩი წააგეს და ქულა ჯერაც არ მოუპოვებიათ, საუბარია აიაქსსა და ბენფიკაზე.
პარალელურად კი გალათასარაი, რომელსაც 9 ქულა აქვს და საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის ბელგიურ როიალ უნიონს დაუპირისპირდება, რომელიც 3 ქულით საუკეთესო 24 გუნდს უტრიალებს.
ლიგის სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს იუვენტუსი, რომელიც ნორვეგიაში ბოდო/გლიმტს ესტუმრება. ტურინელებმა 3 მატჩი ფრედ ითამაშეს და 1 წააგეს, ნორვეგიელების ანგარიშზე კი 2 ქულაა.
დღეს ერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდიც ითამაშებს. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი დორტმუნდს ეწვევა. ბორუსიას 7 ქულა აქვს და პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის, ესპანურ გუნდს კი მხოლოდ 1 ქულა აქვს და წინა ტურში საერთოდაც კვიპროსულ პაფოსთან წააგო.
გიორგი მიქაუტაძე კი იმ სტადიონზე ითამაშებს, სადაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი - კობელი; ანტონი, ჯანი, შლოტერბეკი; რიერსონი, ზაბიცერი, გროსი, სვენსონი; ადეიემი, ბრანდტი; გირასი
ვილიარეალი - ლუის ჟუნიორი; მოურინიო, ხუან ფოიტი, რენატუ ვეიგა, კარდონა; პეპე, გეიე, პარტეი, მოლეირო; ჟერარ მორენო, მიქაუტაძე
დაუმარცხებელი მანჩესტერ სიტი, რომელსაც 10 ქულა აქვს საკუთარ მოედანზე ლევერკუზენს მიიღებს, 9-ქულიანი ნიუკასლი კი მარსელს ესტუმრება, რომლის ანგარიშზეც 3 ქულაა.
სეზონის სტარტზე სენსაციების მომწყობი ყარაბაღი, რომელმაც აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორია დაწერა, ნაპოლის დაუპირისპირდება და მორიგი მოულოდნელობის შემოთავაზებას შეეცდება. თავის მხრივ პარტენოპეის 4 ქულა აქვს და გამარჯვება ესაჭიროება.
ჩეხეთში 3 ქულის მოპოვებას შეეცდება ატლეტიკი, რომელიც სლავია პრაღას შეხვდება. ჩეხურ გუნდს 2 ქულა აქვს, ბილბაოელებს კი - 3.
დღის ცენტრალურ მატჩში ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ბარსელონას მიიღებს. გუნდები აქამდე ერთნაირი შედეგით მოვიდნენ - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება და 7 ქულით მე-11 და მე-12 ადგილზე არიან. ორივე მათგანისთვის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი - სანჩესი; ჯეიმსი, ადარაბიოიო, ჩალობა, კუკურეია; კაისედო, ფერნანდესი; ნეტუ, ჟოაო პედრო, გარნაჩო; დელაპი
ბარსელონა - ჟოან გარსია; კუნდე, კუბარსი, ერიკ გარსია, მარტინი; ოლმო, დე იონგი; იამალი, ფერმინ ლოპესი, ფერან ტორესი; ლევანდოვსკი
21:45
აიაქსი - ბენფიკა
გალათასარაი - როიალ უნიონი
00:00
ბოდო/გლიმტი - იუვენტუსი
ჩელსი - ბარსელონა
დორტმუნდი - ვილიარეალი
მანჩესტერ სიტი - ლევერკუზენი
მარსელი - ნიუკასლი
ნაპოლი - ყარაბაღი
სლავია პრაღა - ატლეტიკი