2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალური ეტაპი გრძელდება.
მაროკოსა და საფრანგეთის შემდეგ, დღეს 1/4 ფინალის კიდევ ორ მონაწილეს შევიტყობთ.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ნორვეგია ერთადერთი ევროპული ნაკრებია, რომელსაც ბრაზილიასთან არასდროს არ წაუგია. თანაც, ოთხი თამაშიდან (2 ფრე, 2 მარცხი). უკანასკნელი მატჩი გუნდებს შორის 2006 წელს გაიმართა და ფრედ დასრულდა, თუმცა ის ამხანაგური იყო. მუნდიალზე გუნდები ბოლოს 1998-ში გადაეკვეთნენ, როცა ჯგუფის ბოლო მატჩში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და მეორე ადგილზე შეძლო გასვლა.
სწორედ იმ მუნდიალის შემდეგ, ნორვეგიამ უკლებლივ ყველა მთავარი საფეხბურთო ფორუმი გამოტოვა და წელს ამ საუკუნეში პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. საფრანგეთთან, სენეგალთან და ერაყთან ჯგუფში ნორვეგიელებმა მეორე ადგილი დამაჯერებლად დაიკავეს, 1/16 ფინალში კი კოტ'დიუვარის ბარიერი ჰალანდის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გადალახეს, რითაც ბრაზილიასთან მორიგი პაექრობა გაინაღდეს.
ბრაზილიამ შოტლანდიასთან, მაროკოსთან და ჰაიტისთან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში იაპონიაზე გავიდა, რომელთანაც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია - გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ სიტუაცია თავდაყირა დააყენა და მატჩი მაშინ მოიგო, როცა ყველა უკვე ექსტრა-ტაიმების მოლოდინში ვიყავით.
ამ წყვილში გამარჯვებული მექსიკა - ინგლისის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება და პოტენციურად, შესაძლოა ბრაზილია - ინგლისის ხმაურიანი 1/4 ფინალი მივიღოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია: ალისონი, დანილო, მარკინიოსი, გაბრიელი, დუგლას სანტოსი , ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, რაიანი, მარტინელი, ვინისიუსი, კუნია.
ნორვეგია: ნილანდი, ვოლფე, ლისაკერ ჰეგემი , აიერი, პედერსენი, ბერგი, ბერგე, ოდეგორი, ნუსა, ჰალანდი, სორლოტი.
გამთენიისას ინგლისს ურთულესი ტესტის ჩატარება მოუწევს - დაპირისპირება მექსიკასთან, ლეგენდარულ სტადიონ აცტეკაზე, სადაც მასპინძლები უკიდურესად იშვიათად მარცხდებიან, 89 გამართული დაპირისპირებიდან გუნდმა მხოლოდ ორჯერ წააგო (კოსტა რიკასთან და ჰონდურასთან).
ხსენებული ლეგენდარული სტადიონი აცტეკა (Estadio Azteca) ზღვის დონიდან დაახლოებით 2,240 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც იქ თამაშს, განსაკუთრებით ევროპული გუნდებისთვის, უკიდურესად რთულს ხდის.
მითუმეტეს, რომ მექსიკა სათამაშო კუთხითაც მშვენივრად გამოიყურება - ამ მუნდიალზე 4-ვე თამაში ისე მოიგო, რომ გოლიც კი არ გაუშვია, რითაც ესპანეთთან ერთად ერთადერთია.
ჯგუფში მექსიკელებმა სამხრეთ კორეის, სამხრეთ აფრიკისა და ჩეხეთის ბარიერი უპრობლემოდ გადალახეს, 1/16 ფინალში კი ეკვადორს სძლიეს დამაჯერებლად.
რაც შეეხება ინგლისს, გუნდმა ხორვატიასთან, განასთან და პანამასთან 7 ქულა დააგროვა და ასევე პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა 1/16 ფინალში კონგოსთან ბევრად უფრო გაუჭირდა და მეორე ტაიმში კეინის დუბლი დასჭირდა მატჩის შემოსატრიალებლად.
აქამდე გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხივე ეს მატჩი ინგლისმა მოიგო, თუმცა ყველა წინა შემთხვევაში მასპინძლები სწორედ ინგლისელები იყვნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი დაპირისპირება სამი ლომისთვის წარმატებულ 1966-ის მუნდიალზე შედგა, როცა ინგლისელებმა უემბლიზე 2:0 მოიგეს.
ამ წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში ბრაზილიასა და ნორვეგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
მექსიკა: რანხელი, სანჩესი, მონტესი, ვასკესი, გალიარდო, მორა, ლირა, რომო, ალვარადო, ხიმენესი, კინონესი
ინგლისი: პიკფორდი, ო'რაილი, გეჰი, კონსა, სპენსი, ანდერსონი, რაისი, ბელინგემი, გორდონი, საკა, კეინი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

