თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალისტების ვინაობა გაირკვა. აღნიშნულ ეტაპზე ბრძოლის უფლება 6-მა ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა, დამატებით 2 კი საუკეთესო რვაში თავიდანვე იყო დაშვებული.
ტურნირის მე-2 დღეს, უფროსებს შორის, საქართველოდან 12 მამაკაცი და 1 ქალი გამოვიდა, მომდევნო ეტაპის საგზური კი სამმა მოიპოვა - ბექა შაინიძემ (65,8 კგ.), მირზა გაჯიევმა (79,4 კგ.) და რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ.).
რაც შეეხება იუნიორებს, ჩვენი ქვეყნის სახელით ოქტაგონზე 10 მებრძოლი გავიდა და 1/4 ჩხუბის უფლება ასევე სამმა მათგანმა, ლაშა ყაფლანიშვილმა (56,7 კგ), თამაზ შავაძემ (56,7 კგ) და რამინ ფერაძემ (79,4 კგ) მიიღეს.
მათ გარდა, საქართველოს სახელით 1/4 ფინალებიდან გათამაშებაში 97 კგ. წონითი კატეგორიის ორი მებრძოლი, ლექსო საბანაძე და გიორგი იმერლიშვილი, ჩაერთვება.
ასევე, პირდაპირ 1/2 ფინალშია დაშვებული მარიამ თოფურია, რომელიც 79.4 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გასასვლელად ბულგარელ სილვია სპასოვასთან იჩხუბებს - 30 სექტემბერს.