საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა თურქულ შეკრებაზე მე-4 ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გუგა ნერგაძის გუნდმა 2:1 მოუგო მოლდოვის 2025 წლის ჩემპიონ პეტროკუბს, რომელმაც საჩემპიონო რბოლაში ზიმბრუსა და შერიფს აჯობა.
მოლდოველები 49-ე წუთზე დაწინაურდნენ, რასაც იბერიელებმა მატჩის ბოლო 5 წუთში 2 გოლით უპასუხეს - ჯერ ახალწვეულმა ლუკას კაფემ შეაგდო, გამარჯვების გოლი კი გიორგი ჯინჯოლავას ანგარიშზეა.
პეტროკუბთან გამარჯვებამდე, იბერიამ სლოვაკურ რუჟემბეროკთან და უკრაინულ ვერეს-რივნესთან ფრედ ითამაშა, დინამო კიევთან კი დამარცხდა.
თბილისური კლუბი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონს 28 თებერვალს იწყებს - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დებიუტანტ ტყიბულის მეშახტეს მასპინძლობენ.