თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამოს ახალი მფლობელისა და აქციონერების გაცნობის შემდეგ, კლუბში განახლების პროცესი გრძელდება.
ბათუმურმა კლუბმა ახალი მენეჯმენტი წარადგინა:
ნიკოლოზ ჯღარკავა, გენერალური მენეჯერი - პასუხისმგებელია კლუბის ეფექტურ მართვაზე, ლიცენზირების პროცესზე, ასევე სპორტული და ბიზნეს მიმართულებების სრულ კოორდინაციაზე.
ნიკოლოზ ჯღარკავა გასულ წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ასევე გახლდათ დინამო თბილისისა და დინამო არენას გენერალური დირექტორი.
ნიკა ჭანტურია, საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი - უზრუნველყოფს გუნდის ლოჯისტიკას, მატჩის დღის ორგანიზებასა და კლუბის ყოველდღიურ საოპერაციო მართვას.
ნიკა ჭანტურია გასულ სეზონში თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, სხვადასხვა დროს იგი თბილისის ლოკომოტივის, თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, ქობულეთის შუქურასა და გაგრას ღირსებას იცავდა. ნიკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 17-წლამდე ნაკრებმა კი, მისი კაპიტნობით, ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა.
ზურაბ თიგიშვილი, საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელი - კურირებს სკაუტინგს, სატრანსფერო პოლიტიკის შემუშავებასა და რეკრუტირების პროცესს.
ბათუმის დინამომდე, ზურაბ თიგიშვილი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოში - GG11 Sports Agency-ში FIFA-ს ლიცენზირებული აგენტის სტატუსით მუშაობდა. იგი ასევე გახლავთ ცნობილი იტალიური საფეხბურთო სკოლის, კოვერჩიანოს კურსდამთავრებული და ფლობს მილანის Università del Calcio-ს მაგისტრის ხარისხს.
ზურაბ ორაგველიძე, ფეხბურთის განვითარების მენეჯერი - იმუშავებს აკადემიის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების, მწვრთნელთა განათლებისა და ფეხბურთელთა განვითარების მიმართულებით.
ბათუმში გადმოსვლამდე, ზურაბ ორაგველიძე FIFA-ს ლიცენზირებული აგენტი გახლდათ და მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა. 2026 წლის დასაწყისში მან დაარსა სააგენტო Cornea Sports, რომელიც სპორტში მომუშავე და ჩართული ადამიანების პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს. მან განათლება გერმანიაში, კერძოდ კი, კობლენცის უნივერსიტეტში, სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო.
"დავალიანებები სრულადაა დაფარული" - ბათუმის დინამოს განცხადება