ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ ილია თოფურიას MARCA-ს ლეგენდის ჯილდო გადასცა.
"ეს დიდი პატივია. მადლობა ჩემს გუნდს, მამას, დედას და ყველაზე მეტად ღმერთს. მადლობა MARCA-ს გუნდს ამ აღიარებისთვის." - განაცხადა თოფურიამ ჯილდოს მიღებისას.
7000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა მადრიდის არენაზე ესპანური MMA ორგანიზაციის ღონისძიება WOW 25-ს, რომელზეც ილია თოფურია ტრადიციულად Cancion del Mariachi-ს ფონზე გამოვიდა.
ქართველ მებრძოლს სიურპრიზი მოუწყვეს და MARCA-ს დირექტორმა მას აღნიშნული ჯილდო გადასცა.
MARCA-ს ლეგენდის პრიზი 1997 წლიდან არსებობს და ის ისეთ სპორტსმენებს მიუღიათ, როგორებიც არიან: მაიკლ ჯორდანი, მუჰამედ ალი, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, მარკ მარკესი, ფერნანდო ალონსო, რაფაელ ნადალი, უსეინ ბოლტი, ვალენტინო როსი, მაიკლ ფელპსი, პაუ გასოლი, როჯერ ფედერერი, მიხაელ შუმახერი, მარტინა ნავრატილოვა, დიეგო მარადონა, ალფრედო დი სტეფანო, გარი კასპაროვი, პელე და ა.შ.
