ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფლორენტინო პერესს უპასუხა, რომელმაც რეალის ყოველწლიურ ასამბლეაზე ბარსას წინააღმდეგ აღძრულ ნეგრეირას საქმეზე გამოთქვა თავისი აზრი.
პერესი: "ნორმალური არაა, ბარსას საუკეთესო პერიოდი რომ ნეგრეირას წლებს ემთხვევა"
„ახლა გამახსენდა რეალის მიერ ნათქვამი განცხადებები, რომელზე პასუხის გაცემის საშუალებაც აქამდე არ მომცემია. ვფიქრობ, ეს კომენტარი იყო აბსოლუტურად უადგილო და ამ ფაქტითაც ნათლად ჩანს, რომ რეალი ბარსელონათი არის შეპყრობილი.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ სულ ბარსაზე სჭირდებათ ლაპარაკი გაუგებარი რაღაცების ასახსნელად. ისინი მუდმივად მონაწილეობენ „ნეგრეირას საქმეზე" წამოწყებულ სასამართლო პროცესში, რომელსაც საღეჭი რეზინივით წელავენ, რადგან იციან, რომ ხელმოსაჭიდი არაფერში არ გააჩნიათ.
ეს კომენტარი იყო უბრალოდ მორიგი მცდელობა გაემართლებინათ ის, რაც რეალურად არ ყოფილა: ბარსა მსაჯებს არასდროს არ ყიდულობდა და როგორც წესი, მსაჯები ჩვენ არ გვეხმარებიან - მთელი ცხოვრებაა, ისინი რეალის მხარეს იჭერენ.
იგივე მოხდა ლა ლიგის წინა ტურშიც - რეალმა ორი გოლი გაიტანა, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო ჩასათვლელი - პირველის დროს ბელინგემს ბურთი ხელზე ხვდება, მეორეში კი ვინისიუსმა პენიას ცხვირი გაუტეხა - ეს ორი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და ახლა ბარსა ლა ლიგის ლიდერი იქნებოდა." - აღნიშნა ლაპორტამ.