-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების პიკად ბევრი ევროპის ჩემპიონატს მოიაზრებს, ჩემთვის პირადად სანიოლის გუნდმა მწვერვალს ევროდან ორ თვეში, 2024/25 წლების ერთა ლიგის სტარტზე მიაღწია.
თბილისში განადგურებული ჩეხეთის ნაკრები - ფეხბურთი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მიჩვეული არ იყო. 66-ე წუთისთვის მიხეილ მესხის ტაბლოზე უკვე 4:0 ფიქსირდებოდა. და როდესაც ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, ნაკრებმა ვარდნა დაიწყო, რომელიც ორი წლის თავზე მძიმე დაცემით დასრულდა.
ჩეხეთთან თამაშის ეიფორიამ და ხარისხმა ძალიან ცოტა ხანს გასტანა - ალბანეთში ქოჩორას საოცარი გასროლით მოგებული მატჩი იმ წელს ბოლო პოზიტივი იყო. წაგება უკრაინასთან, ძალიან უცნაური შემადგენლობა და კიდევ ერთი წაგება შინ ალბანეთთან, ძლივს გადარჩენილი მატჩი უკრაინასთან ბათუმში და მარცხი ჩეხეთში.
ფეიერულად დაწყებული ერთა ლიგა მესამე ადგილზე დავასრულეთ და დასარჩენ-დასაქვეითებელი პლეი ოფის თამაში მოგვიწია - მეტოქე სომხეთი. ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ გაგვიმართლა, მეტოქე სუსტი იყო. ამაზე ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული ანგარიშიც მეტყველებს 9-1.
ივნისში ორი არაფრისმომცემი ამხანაგური ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან. სექტემბრიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ახალი ოცნება, რომელსაც წყალი პირველივე მატჩში შეუდგა - თბილისში თურქეთმა 3:2 იმარჯვა. იყო მომენტი, როდესაც 3:0-ს ვმარცხდებოდით.
ბულგარეთთან ხასიათი გამოვიკეთეთ, თუმცა ეს ამ შესარჩევში მოპოვებულ ერთადერთ გამარჯვებად დარჩა. ესპანეთი რომ გვერდით გადავდოთ, თურქეთში წაგებულმა 4:1-მა ბევრი რამ ცხადყო. 2025 წლის 18 ნოემბერს ბულგარეთთან 2:1 დავთმეთ - ლუკა ლოჩოშვილის 88-ე წუთზე გატანილი გოლი ბოლოა, რომელიც ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში გაიტანა.
ერთა ლიგამდე ნაკრებმა კიდევ ოთხი ამხანაგური ითამაშა - ისრაელი, ლიეტუვა, რუმინეთი და ბაჰრეინი. ალბათ ასეთ მატჩებში რეალური პრობლემების დანახვა რთულია, პრობლემებისა, რომელიც ერთა ლიგის პირველივე ტურში გამოჩნდა.
დაცვიდან შეტევის წამოწყების სერიოზული პრობლემა თუ ინტენსიური პრესინგის წინააღმდეგ თამაშის უუნარობა, რაც ხშირად კრეატიული ფეხბურთელების სიღრმეში ჩამოსვალს და ბურთის საკუთარ ნახევარზე მოთხოვნათ მთავრდებოდა.
მარცხი შინ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და გათავისუფლებული ვილი სანიოლი. ალბათ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად უარეს დროის შერჩევა გაჭირდებოდა - გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ მოხდა ეს მანამდე და რატომ ჩაიბარა გუნდი ახალმა მწვრთნელმა საკმაოდ მნიშვნელოვან თამაშამდე ერთი დღით ადრე.
ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ფსიქოლოგიური წნეხი და გუნდში აშკარა არაჯანსაღი სიტუაცია დაემატა. გაჩნდა პრობლემა, რომელიც ბევრი რამისდა მიუხედავად ბოლო წლებში ნაკლებად იდგა - ნაკრებს გოლი ვეღარ გააქვს.
გუნდში არსებობს პოზიციები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, მაგალითად ფლანგის მცველები, რაც თანამედროვე ფეხბურთში როგორც პრესინგისა, ასევე შეტევითი და დაცვითი მთლიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხოლო თუ როგორ ეხმარება ეს რგოლი საქართველოს ნაკრებს შეტევაში თავად განსაჯეთ.
როდესაც გუნდს პოზიციური შეტევა და ორგანიზებული პრესინგი უჭირს, ხშირად მთავარი იარაღი სწრაფი შეტევები ხდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც გუნდი შედარებით სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდის. თუმცა, ამ ექვს თამაშში ასეთი იერიშების სრული უმრავლესობა წარუმატებლად დასრულდა - ტექნიკური წუნი, არასწორი გადაწყვეტილებები, შეუთანხმებლობა თუ წამიერი ჩამორჩენა.
ყველა უბედურებას ზემოდან ხვიჩა კვარაცელიას მძიმე ტრავმა დაემატა, რომელიც დიდი ალბათობით ევრო 2028-ის შესარჩევი ციკლის პირველ ოთხ ტურს გამოტოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპი 26 მარტს აიღებს სტარტს და პირველი ოთხი ტური მარტში და ივნისში გაიმართება.
54 დარტყმა 6 მატჩში, აქედან 16 კარის ჩარჩოში და 0 გოლი - ერთადერთი გუნდი 54 ნაკრებში, რომელმაც გათამაშება გოლის გარეშე დაასრულა.
ახსნა არ აქვს, წარმოუდგენელია
განაცხადა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან წაგებული მატჩის შემდეგ.
ბუნებრივია, ამ ყველაფერმა გუნდის მენტალური პრობლემები გამოიწვია. მწვრთნელები თუ ფეხბურთელები, ყველა ამაზე საუბრობს.
ყველა ერთი უნდა ვიყოთ, ჩემიდან დაწყებული, ვინც სკამზე ზის იმით დამთავრებული
ლუკა ლოჩოშვილი.
პასუხისმგებლობის ნაკლებობა თუ დაკარგული ერთიანობა - ფაქტი ერთია, გაზაფხულამდე ბევრი რამაა შესაცვლელი. ამის პირობას კი რამაზ სვანაძე იძლევა:
მადლობა წარსულის შედეგებისთვის, მაგრამ მარტიდან ნაკრებში ბევრი ცვლილება იქნება. სხვა მენტალიტეტი გვჭირდება

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები