კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლამინ იამალს ბარსელონას მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკთან რამდენიმე მოთხოვნა აქვს.
როგორც იცით, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 17 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხსენებული წყაროს ცნობით, ლამინ იამალი ხვდება, რომ მომენტების შექმნისა და სიტუაციების გამწვავების კუთხით, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომ, მომდევნო სეზონში კიდევ ერთი საფეხურით მაღლა სურს ასვლა.
კერძოდ, ლამინს სურს, რომ უფრო მეტი მატჩი ჩაამთავროს ბოლომდე და ნაკლებად შეცვალონ, რადგან მისი აზრით, დაღლილი მცველების წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ხიფათის შექმნა შეეძლება, რაც საბოლოო ჯამში გუნდის შედეგებზე და გამარჯვებების რაოდენობაზე აისახება.
გარდა ამისა, ბლაუგრანას აღზრდილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჯარიმებისა და პენალტების დამრტყმელთა სიაშიც უნდა მოხვდეს, სადაც ამჟამად რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ფერან ტორესი შედიან. ლამინი იმედოვნებს, რომ ჰანსი ფლიკი მის ამ სურვილს გაითვალისწინებს და ესპანეთის ნაკრების შემტევს უფრო მეტი სტანდარტების შესრულებას დააკისრებს.