საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის მზადებას იწყებს.
გუნდი დღეს უკვე ჩაფრინდა სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, სადაც 17 ნოემბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება. 16 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ, რასაც ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია უძღვის წინ.
ამ პრინციპულ დაპირისპირებას ორივე ნაკრები მძიმე სპორტულ ფორმაში ხვდება. უკრაინელებს ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგიათ (1 ფრე, 3 წაგება). კიდევ უფრო რთული ვითარებაა საქართველოს ნაკრებში: გუნდს უკვე ზედიზედ 9 ოფიციალური შეხვედრაა გამარჯვება არ უზეიმია (2 ფრე, 7 წაგება). ამასთან, უნგრეთთან განცდილი ბოლო მარცხის (0:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა, ზედიზედ 5 მატჩი გატანილი გოლის გარეშე.
მატჩი კოშიცეში 17 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.


