• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ნეიმარი, მუნდიალი და რეალი - კარლო ანჩელოტის ინტერვიუ
ფეხბურთიფეხბურთი

ნეიმარი, მუნდიალი და რეალი - კარლო ანჩელოტის ინტერვიუ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვე რჩება და ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, როგორც ყოველთვის, სრულიად მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურება.


66 წლის ანჩელოტის ცხოვრებაში უკვე თითქმის ყველაფერი მომხდარა და თითქმის ყველასთან უმუშავია: სილვიო ბერლუსკონისთან მილანში, რომან აბრამოვიჩთან ჩელსიში, კატარის ემირთან პარი სენ-ჟერმენში, აურელიო დე ლაურენტისთან ნაპოლიში და, ორ სხვადასხვა პერიოდში, ფლორენტინო პერესთან მადრიდის რეალში.


რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც მას გაუწვრთნია - ეს აბსურდულ ფანტაზიას ჰგავს: ორივე რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ქარიმ ბენზემა, დიდიე დროგბა, ზინედინ ზიდანი, კაკა, გარეთ ბეილი, კლარენს ზეედორფი… სია უსასრულოა.


და რაც მთავარია, ამ ფეხბურთელების უმეტესობას ის ნამდვილად უყვარდა. როდესაც ანჩელოტი ჩელსიდან გაათავისუფლეს, ჯონ ტერიმ და ფრენკ ლამპარდმა მის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე ერთად იზეიმეს. კაკამ თქვა, რომ ანჩელოტი ფეხბურთელის გულში „თბილ გრძნობას ტოვებს“.


მისი წარმატება დაუჯერებელია: ჩემპიონობა ევროპის ხუთივე მთავარ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული - ორით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მწვრთნელს. სწორედ ანჩელოტიმ მოუტანა ჩელსის პირველი პრემიერ ლიგისა და FA თასის დუბლი, პსჟ-ს - პირველი საფრანგეთის ჩემპიონობა 19 წლის შემდეგ, ხოლო რეალს - 12-წლიანი ლოდინის შემდეგ ლა დესიმა (მეათე ჩემპიონთა ლიგა) 2014 წელს, პირველივე სეზონში. შემდეგ, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ის 2021 წელს დაბრუნდა ბერნაბეუზე და ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემდეგ კი კიდევ ერთხელ, ორი სეზონის შემდეგ.



თუმცა, ბრაზილიისთვის ანჩელოტის დანიშვნა გარკვეული ტრადიციიდან გადახვევა იყო. ის ქვეყნის პირველი უცხოელი მწვრთნელია ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მწვრთნელი, რომელიც იგებს - ქვეყნისთვის, რომელმაც გამარჯვება დაივიწყა. და ორშაბათს ის დაასახელებს იმ 26 ფეხბურთელს, რომლებიც, მისი აზრით, ბრაზილიას 2002 წლის შემდეგ პირველ მსოფლიო ჩემპიონობას მოუტანენ.


24 ფეხბურთელი უკვე ვიცი.  


„ეს ყველაზე მარტივია. ყველაზე რთულია დანარჩენი ორი ადგილის შერჩევა. კონკურენცია ძალიან მაღალია.“ - ეუბნება ანჩელოტი The Athletic-ს.


ანჩელოტის თქმით, მან და მისმა შტაბმა მსოფლიოს სხვადასხვა კლუბში მოთამაშე 70-ზე მეტი ბრაზილიელი შეაფასეს. მათ დააკვირდნენ როგორც ბრაზილიის ჩემპიონატს, ასევე ევროპის წამყვან ლიგებს, შემდეგ კი ყურადღება თურქეთის, რუსეთისა და საუდის არაბეთის ჩემპიონატებზეც გადაიტანეს. მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ფეხბურთელების მატჩების ყურება უკვე ხარისხის შეფასებაზე ნაკლებად და ტრავმების თავიდან აცილებაზე მეტად არის დამოკიდებული.


მართლა მეშინია თამაშების ყურების.


„უკვე დავკარგეთ ედერ მილიტაო და როდრიგო ხანგრძლივი ტრავმების გამო, ხოლო 19 წლის ესტევაო, სავარაუდოდ, მსოფლიოზე ვერ იქნება ბარძაყის მძიმე ტრავმის გამო.“ - ამბობს ის.


ბრაზილიაში მთავარი დისკუსია ნეიმარს ეხება - 34 წლის ვარსკვლავს, რომელიც ახლა სანტოსში თამაშობს. 2023 წლის ოქტომბერში მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის შემდეგ ფორმასა და ფიზიკურ მდგომარეობასთან ბრძოლა უწევს, თუმცა ბრაზილიელებისთვის კვლავ განსაკუთრებული ფიგურაა.


„ველოდი ამ კითხვას,“ - ამბობს ანჩელოტი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად დაღლილი ტონით.


მისი თქმით, ნეიმარი „იყო და არის“ მისი გეგმების ნაწილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „შეფასების ბოლოს“ იქნება მიღებული.


ის უდიდესი ტალანტია.


„რაც უნდა შევაფასოთ, ეს არ არის ბურთის მიღება ან პასი. მთავარი ისაა, რამდენად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია.“  - ამბობს ანჩელოტი.



იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ ბრაზილიის ფედერაციასთან პირველად 2023 წლის გაზაფხულზე ისაუბრა, მაგრამ იმ პერიოდში რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან იყო ახლოს.


ვუთხარი: თუ რეალთან კონტრაქტს ვერ დავხურავ, მოვალ. მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტი გავაგრძელე. და შემდეგ ისინი დამელოდნენ. გულწრფელად რომ ვთქვა, CBF-მ (ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ) დამიცადა და შარშან მოვაწერე ხელი.


არჩევანი აშკარა იყო: ანჩელოტი იქ ამყარებს წესრიგს, სადაც სხვები ქაოსს პოულობენ. რეალი, გუნდი, რომელიც მან გასული სეზონის ბოლოს დატოვა, ახლა შიდა დაპირისპირებებსა და კრიტიკას ებრძვის.


ფლორენტინო პერესის პრესკონფერენციამდე საუბრისას ანჩელოტი ამბობს, რომ რეალი კვლავ ის გუნდია, რომელსაც პირველ რიგში უყურებს, თუმცა აღიარებს, რომ „კარგი სეზონი არ ჰქონიათ“. მან ასევე გაიგო ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნების შესახებ - ადამიანის, რომელსაც „დიდ მეგობარს“ უწოდებს და რომელიც იტალიელამდე ხელმძღვანელობდა რეალს 2010-2013 წლებში.


თუ მოურინიო დაბრუნდება, ძალიან გამიხარდება.


„ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს, როგორც ყველგან აკეთებდა.“ - ამბობს ანჩელოტი.


ბოლო წლებში ანჩელოტი თითქმის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მადრიდის გასახდელში სიმშვიდის შენარჩუნება შეეძლო. როგორ მოახერხა ამდენი ეგოს მართვა და გამარჯვებული გუნდის შექმნა?


როგორც ყოველთვის, ვცდილობდი ურთიერთობა მქონოდა ადამიანთან - არა ფეხბურთელთან. რადგან პირველ რიგში ადამიანი ხარ. უბრალოდ ადამიანი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს.


შემდეგ ის აგრძელებს:


„რეალის სირთულე იმაშია, რომ ძველი თაობის შეცვლა სჭირდება. ბოლო წლებში გუნდმა დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები: კაზემირო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა, ნაჩო. გასახდელის ატმოსფერო ამ მოთამაშეებზე იყო დამოკიდებული - მათ ჰქონდათ ხასიათი, პიროვნება და ლიდერობა. ახლა კლუბს დრო სჭირდება ამ გარემოს ხელახლა შესაქმნელად. წარმატება მხოლოდ ტექნიკურ ხარისხზე არ არის დამოკიდებული. საჭიროა ბალანსიც.“


ესმის თუ არა ეს კლუბის ხელმძღვანელობას?


დიახ, რეალს ამ ტიპის პრობლემებს ყველაზე კარგად ესმის.


გარედან ხშირად ჩანს, თითქოს მწვრთნელები, რომლებიც მკაფიო ტაქტიკური იდეებით მიდიან - მაგალითად, ჩაბი ალონსო ან ადრე რაფა ბენიტესი - ვარსკვლავ ფეხბურთელებთან წინააღმდეგობას აწყდებიან, რადგან მათ მეტი თავისუფლება სურთ.


ანჩელოტი თავს აქნევს.


„არაა ასე…“


შემდეგ უფრო ემოციური ხდება:


არა. იმიტომ რომ ეს ისე ჟღერს, თითქოს რეალის ფეხბურთელები იმას აკეთებენ, რაც უნდათ. ეს სიმართლე არ არის. სრული სისულელეა.


როდესაც იქ ვიყავი, იდეა მქონდა და ამ იდეას ფეხბურთელებთან განვიხილავდი. ვუყურებდი, ეთანხმებოდნენ თუ არა. ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ასე მოვიქეცით. როდესაც იდეა მაქვს, ფეხბურთელი ამ იდეის ნაწილი უნდა იყოს. არ მინდა სტრატეგიის თავს მოხვევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგია არ გვაქვს.


გვქონდა სტრატეგია და ძლიერი სტრატეგია, რადგან ოთხ წელიწადში ორი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ფეხბურთელები სრულად იყვნენ კონცენტრირებულები გეგმის შესრულებაზე. იდეა, თითქოს რეალს სტრატეგიის მიყოლა არ უნდა - ტყუილია.“


თანამედროვე ფეხბურთში ზოგი მწვრთნელი საკუთარ იდეას ძალით ახვევს ფეხბურთელებს. ანჩელოტი ამას სხვანაირად უყურებს.


,,ფეხბურთელებთან სტრატეგიაზე საუბარი ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრი იდეა თავად მათგან მოვიდა. მაგალითად, ანდრეა პირლო. როდესაც საყრდენ ნახევარმცველად დავაყენე, ეს მისი იდეა იყო. მითხრა: ‘მისტერ, სცადეთ აქ. შემიძლია.’


ფეხბურთელებთან საუბარი სისუსტე არ არის. ეს აუცილებელია, რადგან ჩემი საფეხბურთო იდეა მოთამაშეებამდე უნდა მივიტანო. მოედანზე ჯარისკაცები არ მინდა. მინდა ფეხბურთელები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რას აკეთებენ.


ახალ როლში ანჩელოტიმ, ალბათ, საერთაშორისო ფეხბურთის რეალი იპოვა - გუნდი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს.


ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო 1958-2002 წლებში, ხოლო მათი ყვითელ-მწვანე მაისური ისეთივე ცნობადია, როგორც რეალის თეთრი ფორმა.



მისი შვილი დავიდე, რომელიც ასისტენტად მუშაობს, ბრაზილიის გაწვრთნას „იმ ქვეყნის წარმომადგენლობას“ უწოდებს, რომელიც „ფეხბურთს წარმოადგენს“. თავად ანჩელოტი კი ბრაზილიას „ყველაზე ისტორიულ ეროვნულ გუნდად“ მიიჩნევს.


მისი თქმით, ბრაზილიაში რაღაც „გენეტიკური“ არსებობს, რაც ტალანტს თაობიდან თაობამდე გადასცემს. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შერჩევისას ის ნოსტალგიით არ მოტყუვდება.


1994 და 2002 წლების ბრაზილია ყველას ახსოვს - რომარიო და ბებეტო, მერე რონალდინიო, რივალდო და რონალდო.


მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1994 წელს ბრაზილია შემდეგნაირად თამაშობდა: 4 ძლიერი მცველი და 4 ძლიერი ნახევარმცველი - მაზინიო, დუნგა, მაურო სილვა, ზინიო. ფლანგელები საერთოდ არ ჰყავდათ და წინ - რომარიო და ბებეტო.


2002 წელს კი პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ცენტრალური მცველით ითამაშეს. დაცვითი ორგანიზაციისა და ტალანტის კომბინაციაა წარმატების გასაღები.“


შემდეგ ანჩელოტი დასძენს:


„ტალანტი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს ისეთი ტალანტი, როგორიც ბრაზილიას. მაგრამ ამას უნდა დავუმატოთ სხვა კომპონენტებიც - ხასიათი, შრომა, მსხვერპლი, ერთიანობა. მარტო ტალანტი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს.


ბოლო ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მარტო მოიგო, დიეგო მარადონა იყო 1986 წელს.


ანჩელოტი იღიმის.


„მაგრამ 1986-დან 2026-მდე 40 წელია. ფეხბურთი შეიცვალა.“


ბრაზილიის შანსებზე ის ფრთხილად საუბრობს. შეტევაში უამრავი ვარსკვლავი ჰყავს: რაფინია, ვინისიუს ჟუნიორი, მატეუს კუნია, ჟოაო პედრო, ნეიმარი, გაბრიელ მარტინელი, ენდრიკი, რაიანი და იგორ ტიაგო.


ჩემი გუნდი კარგი გუნდია. შეგვიძლია ყველასთან კონკურენცია. მაგრამ არიან სხვა ძალიან ძლიერი გუნდებიც: საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა, ინგლისი, გერმანია და პორტუგალია.


იდეალური გუნდი არ არსებობს. ყველას აქვს პრობლემები. ჩვენც გვაქვს. ყველა პოზიცია სრულად დაფარული არ გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონი იქნება არა იდეალური, არამედ ყველაზე ძლიერი და შეცდომების გადალახვის უნარის მქონე გუნდი.“


ანჩელოტი ყურადღებით აკვირდებოდა საკლუბო ფეხბურთის ტენდენციებს. პრემიერ ლიგას ის „ყველაზე საინტერესო ჩემპიონატს“ უწოდებს - ინტენსივობის, ხარისხის, სტადიონების ატმოსფეროსა და მსაჯობის გამო.


არსენალს „ძალიან ძლიერ გუნდად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სრულად დაიმსახურეს.


მისი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი როლი სტანდარტულ მდგომარეობებს ექნება. მონაცემების მიხედვით, გოლების დაახლოებით 30 პროცენტი სწორედ სტანდარტებიდან გადის. ამიტომ მან ფეხბურთელები პენალტების სერიებისთვისაც წინასწარ მოამზადა.


„ჩვენ შევისწავლეთ, როგორ უნდა მოემზადოს ფეხბურთელი პენალტისთვის. უბრალოდ იმედზე ვერ ვიქნებით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება,“ - ამბობს ის და ხელებს შლის. -


მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს, რა უნდა გააკეთოს.


ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბრაზილიამ 10 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 6 ამხანაგური იყო. მათგან 5 მოიგეს.


მაგრამ ანჩელოტისთვის მთავარი კულტურის შექმნაა.


ყველაზე მნიშვნელოვანი ის ატმოსფეროა, რომელიც უნდა შევქმნათ გასახდელში.


მას განსაკუთრებით მოსწონს, როგორ ურთიერთობენ ბრაზილიელები ერთმანეთთან.


ყველას ერთი კულტურა აქვს. ისინი რელიგიურები არიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან. ერთად ყოფნისას ტელეფონებს არ უყურებენ. ერთად თამაშობენ კარტს.


კლუბებში ყველაფერი უფრო პროფესიონალურია. მაგრამ ბრაზილიელებს თავიანთი ნაკრები უყვართ. უყვართ მაისური. როდესაც ბრაზილია თამაშობს, ქვეყანაში ყველაფერი ჩერდება.“


34-წლიანი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ ეს ანჩელოტის პირველი მთავარი მწვრთნელის როლია ეროვნულ გუნდში. მანამდე მხოლოდ იტალიის ნაკრების ასისტენტი იყო არიგო საკისთან, მათ შორის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, სადაც იტალია ფინალში სწორედ ბრაზილიასთან დამარცხდა პენალტების სერიაში.


ახლა კი მისი კარიერა თითქოს სრულ წრეს აკეთებს - ისევ მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში, პირველად 1994 წლის შემდეგ.


მისთვის „წარმოუდგენელია“, რომ იტალია ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.


იტალიურ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა.


„იმედი მაქვს, სწრაფად მოაგვარებენ. მაგრამ ახლა მგონია, რომ ბევრი იტალიელი ბრაზილიას უგულშემატკივრებს.“ - ამბობს ის.


ანჩელოტი პასუხისმგებლობას არ გაურბის.


ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მიდის. ბრაზილია გამარჯვებისთვის მიდის. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.


შემდეგ კი პარალელს ავლებს რეალთან:


„ხშირად მეკითხებიან, რატომ მოიგო რეალმა 6 ჩემპიონთა ლიგა 10 წელიწადში. პასუხი მოლოდინებია. როცა ჩემპიონთა ლიგას იგებ, გილოცავენ… და შემდეგ უკვე ფიქრობენ, როგორ მოიგონ შემდეგიც.


მოლოდინი პასუხისმგებლობასაც გაძლევს და მოტივაციასაც.


და ბოლოს:


ეს პასუხისმგებლობა პატივია… მაგრამ ვიცი, რომ ჩემი მუშაობის მთავარი შეფასება ნაკრების წარმატება ან წარუმატებლობა იქნება. ფეხბურთში 40 წელი გავატარე და ეს ძალიან კარგად მესმის.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბრაზილია
კარლო ანჩელოტი
ნეიმარი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოთხშაბათის სატრანსფერო ჭორები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოთხშაბათის სატრანსფერო ჭორები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრი სიტიში რჩება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრი სიტიში რჩება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ოთხშაბათის სატრანსფერო ჭორები

News image

1 სთ წინ

როდრი სიტიში რჩება?

News image

1 სთ წინ

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?

News image

25 წთ წინ

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება