ალესანდრო ნესტამ შვილი ჩელსის გულშემატკივრობის გამო დასაჯა: „მისი კერპი მეისონ მაუნტია“
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო ნესტამ, Cronache di Spogliatoio-სთან ინტერვიუში იუმორით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მისი შვილი ჩელსის თავგამოდებული ფანი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და მილანის ლეგენდარულმა მცველმა აღიარა, რომ შვილი ამის გამო შინაპატიმრობაში ჰყავდა.
მაუნტი თუ მამა?
ნესტას შვილები აშშ-ში გაიზარდნენ, სადაც პრემიერ ლიგა ძალიან პოპულარულია. სწორედ იქიდან დაიწყო მისი უფროსი ვაჟის სიყვარული ლონდონური კლუბის მიმართ.
შინაპატიმრობაშიც კი მყავდა! ჩემი შვილები აშშ-ში გაიზარდნენ და იქ პრემიერ ლიგას უყურებენ. მის კლასში იყვნენ არსენალის, მანჩესტერ იუნაიტედის ფანები.. ის კი ჩელსის ისეთი დიდი გულშემატკივარია, რომ ხანდახან მეც კი მწყინს. ტელეფონის ეკრანზე მეისონ მაუნტი უყენია, ის მისი აბსოლუტური კერპია. მე კი ვეუბნები: მეისონ მაუნტი? მთელი პატივისცემით, მაგრამ მამაშენი სად თამაშობდა..
ემოციური შეხვედრა ტიაგო სილვას დახმარებით
ნესტამ გაიხსენა ისტორია, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მილანი და ჩელსი ერთმანეთს შეხვდნენ. მატჩის წინ ალესანდრომ ინტერვიუ ჩაწერა თავის ყოფილ თანაგუნდელ ტიაგო სილვასთან, რამაც მის შვილს ოცნება აუხდინა.
ტიაგოს ვუთხარი ჩემი შვილის შესახებ. ის გასახდელში შევიდა, მაუნტს დაუძახა და მეისონი ჩემს შვილთან გამოსამშვიდობებლად და ჩასახუტებლად გამოვიდა. ბიჭი კინაღამ ატირდა. ამის დანახვაზე მეც კი ამიჩუყდა გული და გავიფიქრე: კი, ეს ბიჭი გუნდს აღარასდროს შეიცვლის
ამჟამად ნესტას ვაჟი უკვე 18 წლისაა და მამამ მას დაბადების დღის საჩუქრად მაიამიდან ლონდონში გამგზავრება და ჩელსის თამაშზე დასწრება დაუფინანსა.
ნესტას კარიერა და დღევანდელობა
50 წლის ალესანდრო ნესტა, რომელმაც კარიერის განმავლობაში სერია A-ს 417 მატჩი ჩაატარა, ამჟამად მონცას მწვრთნელია. მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), სკუდეტო (სამჯერ), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასები.