ერლინგ ჰალანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში 2 გოლი გაიტანა და ნორვეგიას ერაყთან 4:1 მოაგებინა.
25 წლის ფორვარდი მატჩამდე უკვე ყურადღების ცენტრში იყო და ყველაზე დიდ სცენაზე დებიუტში სრულად გაამართლა მოლოდინი. ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატს 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
ფრთხილი დასაწყისის შემდეგ ჰალანდმა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის 8 მატჩში 16 გოლი გაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი 29-ე წუთზე შეაგდო.
მან მცველებს დაასწრო და დავიდ მიოლერ ვოლფეს დაბალი გადაცემის შემდეგ ბურთი ახლო მანძილიდან კარში გადაგზავნა.
ერაყისთვის მატჩი თავიდანვე რთულად ვითარდებოდა. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე 40-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
თუმცა ერაყელებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და 10 წუთში ანგარიში გაათანაბრეს. აიმენ ჰუსეინმა, რომლის გოლმაც ბოლივიასთან გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა გუნდს, 3 ნორვეგიელი ფეხბურთელი დაჯაბნა და ამირ ალ-ამარის ჩაწოდების შემდეგ თავური ზუსტად შეასრულა.
მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰალანდმა ერაყელების შეცდომა გამოიყენა. მეკარემ ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ ის ჰალანდს მოხვდა და ბურთი მისი მუხლიდან კარში აღმოჩნდა. ეს ნორვეგიელის 57-ე გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 51-ე მატჩში.
შესვენების შემდეგ ტემპი ოდნავ დაეცა, მაგრამ ნორვეგიამ 76-ე წუთზე მე-3 გოლიც გაიტანა.
შეცვლაზე შესულმა ლეო ოსტიგორმა თავური დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა, ხოლო დამატებულ დროში ზეწოლის ქვეშ მყოფმა აიმენ ჰუსეინმა საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა.
შემდეგ მატჩში ნორვეგია სენეგალს შეხვდება, რომელიც მანამდე საფრანგეთთან 3:1 დამარცხდა. ერაყი კი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდება.