უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლამინ იამალი ბარსელონას ახალი 10 ნომერია.
18 წლის ესპანელმა დღეს კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლამდე იქნება გათვალისწინებული.
ახალ ხელშეკრულებასთან ერთად იამალმა სათამაშო ნომერიც შეიცვალა და ამიერიდან 19-ის ნაცვლად ლეგენდარულ 10 ნომერს მოირგებს.
ბოლოს ბარსელონას ათიანი ანსუ ფატი იყო, რომელმაც აღნიშნული ნომერი ლიონელ მესის წასვლის შემდეგ მოირგო, თუმცა ფატის კატალონიური კარიერა არ აეწყო და ახლა ის კარიერას მონაკოში აგრძელებს.
სხვადასხვა დროს ბარსას ათიანები რონალდინიო, რიკელმე, რივალდო, ჯოვანი, რომარიო, გვარდიოლა, ლინეკერი, მარადონა, კუბალა და სუარესი იყვნენ.