ევრო 2024-ის 1/8 ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს ჩვენი გუნდით მხოლოდ შეგვიძლია ვიამაყოთ და ბიჭებს მადლობა გადავუხადოთ იმ ყველაფრისთვის, რისი მომსწრენიც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში გაგვხადეს.
თუმცა წაგების შემდეგ ხალხში მაინც არის პატარა სინანული. ამ სინანულის გამომწვევი მიზეზი კი ოთარ კიტეიშვილია. მოთამაშე, რომლის ტრავმამდეც საქართველოს ნაკრები ნახევარდაცვაში კარგად გამოიყურებოდა, მისმა დაზიანებამ კი ჯერ გოლი გამოიწვია ჩვენს კარში, ხოლო მისი გასვლის შემდეგ ჩვენი თამაში გადასხვაფერდა და შესამჩნევი გახდა, რომ გუნდს სწორედ კიტე აკლდა. ტრავმის მიღებამდე ის 22-ჯერ შეეხო ბურთს და მისი 16 პასიდან 14 ზუსტი იყო.
ოთარის დანაკლისი ჯგუფურ ეტაპზეც გამოჩნდა. თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩში კიტეიშვილი მოედანზე არ იყო, პორტუგალიასთან კი დაგვიბრუნდა და უკვე შესამჩნევი გახდა თუ როგორი განსხვავება იყო გუნდის თამაშებს შორის აღნიშნულ სამ დაპირისპირებაში.
შესაძლოა, კიტე არ იყოს ნაკრების ყველაზე ეფექტური, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ტექნიკური მოთამაშე, მაგრამ ოთარ კიტეიშვილი არის ეროვნული გუნდის ჩუმი გენიოსი, რომლის მოედანზე ყოფნაც ხშირად გადამწყვეტი ხდება და რიგ შემთხვევებში თამაშის სურათსაც მნიშვნელოვნად ცვლის.
ოთარი გასულ სეზონში ტყუილად არ გამხდარა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, მისი წვლილი გრაცის შტურმის ტრიუმფშიც უდიდესი იყო.