ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე გრანპრის სერიის მესამე ეტაპზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფმა ქართველმა მოციგურავეებმა თავისუფალი პროგრამით გამოსვლისას ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ამ შედეგით მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა გრანპრის სერიის ფინალში გამოსვლის უფლება გაინაღდა, რომელიც 10-13 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება.
ქალთა შორის საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში 208.58 ქულა მოაგროვა და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ამ შედეგით გუბანოვა ფინალში გამოსვლის შანსს ინარჩუნებს, მისი კვალიფიკაციის საკითხი კი გრანპრის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ტურნირზე 8 ნოემბერს თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგება, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 87.67 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.