-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ჩავი ესპარტთან ორთაბრძოლის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ქართველმა გარემარბმა მაშინვე მარჯვენა მუხლზე იტაცა ხელი. მას ძლიერი ტკივილი აწუხებდა და ფეხის მიწაზე დადგმასაც ვერ ახერხებდა.
ყველაფერი ყველაზე ცუდ სცენარზე მიუთითებდა. საბოლოოდ, კლუბმა სამედიცინო განცხადება გაავრცელა, რომელმაც ეჭვები დაადასტურა, ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.
წინა ჯვარედინი მყესი მუხლის სახსრის ცენტრში მდებარეობს, ბარძაყისა და წვივის ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს და სახსრის სტაბილურობას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ბრუნვისა და მიმართულების შეცვლის დროს.
მისი ნაწილობრივი ან სრული გაწყვეტა მაშინ ხდება, როდესაც მუხლზე მოქმედი დატვირთვა მყესის გამძლეობის ზღვარს აჭარბებს.
ეპიზოდის განმეორებით ნახვის შემდეგ სპორტული მეცნიერებების სპეციალისტი ჟან-ბერნარ ფაბრი გაოცებული დარჩა იმ უზარმაზარი დატვირთვით, რომელიც ფეხბურთელის მუხლზე მოვიდა.
„კადრები წარმოუდგენელია. სხეული პრაქტიკულად მშვილდის ლარივით არის დაჭიმული. ნათლად ჩანს მუხლის შიგნით წარმოქმნილი უკიდურესი დაძაბულობა.
შეჯახების მომენტიდან 40 მილიწამში ფეხი და კუნთები ძლიერად იჭიმება“, - განმარტავს სპეციალისტი Le Parisien-თან საუბარში.
ფაბრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აღნიშნულ ეპიზოდში რამდენიმე სახიფათო ფაქტორი ერთდროულად გამოვლინდა.
„ამ ეპიზოდში გაერთიანებულია თითქმის ყველა ცნობილი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ჯვარედინი მყესის გაწყვეტა გამოიწვიოს“, - ასკვნის ის.
პროფესიონალი ფეხბურთელის შემთხვევაში წინა ჯვარედინი მყესის სრული გაწყვეტა, როგორც წესი, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ოპერაციის მიზანია მუხლის სტაბილურობის აღდგენა, რათა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე თამაშისთვის აუცილებელ დატვირთვებს გაუძლოს და გართულებების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ოპერაციის მთავარი მიზანია, ფეხბურთელმა თამაშის განახლება შეძლოს და ფეხბურთთან დაკავშირებულ დატვირთვებს გაუმკლავდეს.
მეორე ამოცანაა მომავალში მუხლის არასტაბილურობის თავიდან აცილება, რათა ამან სხვა პრობლემები, განსაკუთრებით მენისკების დაზიანება, არ გამოიწვიოს“, - განმარტავს ჟან-ბერნარ ფაბრი.
თუმცა ოპერაცია მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდგომი გამოჯანმრთელება დამოკიდებულია რეაბილიტაციის პროცესსა და ფეხბურთელის უნარზე, ეტაპობრივად აღიდგინოს მუხლის სტაბილურობა.
„რეაბილიტაცია ოპერაციის შემდგომ პერიოდში დაიწყება და მისი მიმდინარეობა მუხლის მდგომარეობას, ტკივილის დონესა და ფუნქციური შეფასებების შედეგებს უნდა მოერგოს.
პირველი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განმარტავს ბიომექანიკის სპეციალისტი.
რეაბილიტაცია, როგორც წესი, 6-დან 9 თვემდე გრძელდება და 6 ძირითად ეტაპს მოიცავს.
თავდაპირველად აუცილებელია ტკივილისა და შეშუპების შემცირება, შემდეგ მუხლის მოძრაობის დიაპაზონის აღდგენა, კუნთების გაძლიერება და ფიზიკური მდგომარეობის შეფასება.
ამის შემდეგ ფეხბურთელი ეტაპობრივად იწყებს სირბილს, მოგვიანებით კი ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მოძრაობებისა და უნარების აღდგენაზე გადადის.
საბოლოო ეტაპები გუნდურ ვარჯიშებში დაბრუნებასა და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას გულისხმობს.
რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მაშინვე საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თავდაჯერებულობა თამაშობს, როდესაც მოთამაშეს კვლავ უწევს ორთაბრძოლებში შესვლა და მოძრაობის მიმართულების სწრაფად შეცვლა.
ჟან-ბერნარ ფაბრი ხაზს უსვამს, რომ ხელახალი ტრავმის შიში შესაძლოა მაშინაც შენარჩუნდეს, როდესაც ფეხბურთელი ფიზიკურად სრულად არის გამოჯანმრთელებული.
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, ხელახალი ტრავმის შიშია.
ფეხბურთელს შესაძლოა რეაბილიტაციის ყველა ეტაპი გავლილი ჰქონდეს, კუნთების ძალა დამაკმაყოფილებელი იყოს და ფუნქციური ტესტების შედეგებიც იდეალური ჰქონდეს.
თუმცა, როდესაც თავდაჯერებულობა იკარგება, ფეხბურთელები მოძრაობისას ხშირად უფრო დაუცველები ხდებიან.
ამის გამო შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილიც დაიზიანონ. შედეგად, ისინი არასასურველ ციკლში ხვდებიან, რაც მათ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს“.
სწორედ ეს არის კითხვა, რომელიც ახლა პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრებსა და თავად ლუის ენრიკესაც აწუხებთ, შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ძველ დონეზე დაბრუნებას?
რეალურად, ამის გარანტია არ არსებობს, რადგან გამოჯანმრთელების პროცესი ყველა ფეხბურთელისთვის ინდივიდუალურია.
„ზოგიერთი მოთამაშე იდეალურად ბრუნდება, სხვებს კი გაცილებით მეტი სირთულე ექმნებათ“, - აღნიშნავს ექიმი ფაბრი.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტი გარკვეულ პოზიტიურ შესაძლებლობასაც ხედავს.
მოედნის მიღმა გატარებული პერიოდი ქართველ გარემარბს საშუალებას მისცემს, მეტი დრო დაუთმოს მომზადების იმ ასპექტებს, რომლებიც ჩვეულებრივ, დატვირთული სათამაშო კალენდრის გამო, ნაკლებ ყურადღებას იღებს.
„შესაძლოა, ამ ტრავმის წყალობით, ის კიდევ უფრო განვითარდეს. არ არის გამორიცხული, დაბრუნების შემდეგ იმაზე უკეთესი ფეხბურთელიც კი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო“, - ვარაუდობს ჟან-ბერნარ ფაბრი.
ახლა პარი სენ-ჟერმენის ქართველ ვარსკვლავს წინ ხანგრძლივი და რთული გზა ელის.
მისი წარმატებით დაბრუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მოთმინებასა და რეაბილიტაციის ხარისხს ექნება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები