თბილისში გამართული MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის 79.4 კგ. წონითი კატეგორიის ფინალისტმა, მარიამ თოფურიამ სატიტულო ბრძოლის შემდეგ შთაბეჭდილებები adjarabet arena-ს გაუზიარა.
"MMA-ში დებიუტი ახლახანს მქონდა - ამ ტურნირის 1/2 ფინალში და ის ბრძოლა სულ 22 წამს გაგრძელდა. შესაბამისად, მისმა გამოცდილებამ ჩემს გამოცდილებას აჯობა. ამ ბრძოლამდე მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი იყო, დღეს კი კიდევ ერთი ჩემპიონობა მოიპოვა.
მე მოჭიდავე არ ვარ, სტრაიკერი ვარ. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი, დიდი აღნაგობის მქონე სპორტსმენია და პრაქტიკულად ყველა შესაძლო უპირატესობას მიბლოკავდა და მათი გამოყენების საშუალებას არ მაძლევდა. როცა თავად შემომიტია, ზემოდან გადამაჯდა და შეძახილები მესმოდა, რომ უნდა გადამეგდო, მაგრამ ამის გაკეთება ვერაფრით შევძელი. ძნელია, ჯიუჯიცუს ოსტატს მის კომფორტის ზონაში ებრძოლო და დაამარცხო, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენზე 8 კილოგრამით მძიმეა", - აღნიშნა თოფურიამ.
მარიამ თოფურიამ ტურნირზე გამოსვლა 1/2 ფინალიდან დაიწყო და იქ ბულგარელ სილვია სპასოვას 22 წამში საბმიშენით მოუგო.
საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დასრულდა - გიორგი იმერლიშვილი (97+ კგ.), ლექსო საბანაძე (იუნიორებში - 97+ კგ.), მარიამ თოფურია (79.4 კგ.) და მირზა გაჯიევი (79.4 კგ.) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, გია გატიკაშვილმა (იუნიორებში - 83.9 კგ.) და რომან ჩოჩიშვილმა (83.9 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.