ფრენკი დე იონგი ბარსელონას კაპიტანი ან ვიცე-კაპიტანი აღარ იქნება. ესპანური რადიოსადგურ Cadena SER-ის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ეს შორსმიმავალი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ტრადიციულად, ბარსელონაში კაპიტნის სამკლავურს გუნდში ყველაზე დიდხანს მყოფი ფეხბურთელი ატარებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალ სეზონში პირველი კაპიტანი სწორედ დე იონგი უნდა ყოფილიყო. თუმცა ფლიკმა წესი შეცვალა: გუნდის პირველ კაპიტნად რაფინია დანიშნა, ხოლო მის შემცვლელებად, ერიკ გარსია და პედრი.
რა გახდა ფლიკის გაბრაზების მიზეზი?
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დე იონგის ხანგრძლივ ტრავმიანობას არ უკავშირდება. ჟურნალისტ სანტი ოვალიეს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა და ნიდერლანდების ნაკრების სამედიცინო შტაბმა რისკზე წასვლა არჩიეს და ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე მუხლის ტრავმით ითამაშა.
„ეს ჰანსი ფლიკისგან მკაფიო გაფრთხილებაა. მიზეზი ოპერაციაზე უარის თქმა არ არის, არამედ ის, თუ როგორ მართეს ეს სიტუაცია,“ - განაცხადა ოვალიემ.
თავად დე იონგმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ ფლიკთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ჭორები მათ შორის არსებულ კონფლიქტზე სიმართლეს არ შეესაბამება.
რთული პერიოდი ბარსელონაში
მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელს კატალონიურ კლუბში იოლი პერიოდი არ ელის. ტრავმის მოშუშების გარდა, მას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაც გაუჭირდება, რადგან ბარსელონამ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, როდრი დაიმატა.
თუმცა, სამკლავურის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ ფლიკი დე იონგს საერთოდ უარყოფს. მწვრთნელი ნიდერლანდელის სათამაშო კლასს მაღალ შეფასებას აძლევს და მოედანზე დაბრუნების შემდეგ მასზე დაყრდნობას კვლავ გეგმავს.