მადრიდის რეალის ფორვარდი კილიან მბაპე გუნდთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ესპანეთის სუპერთასი გაიმართება.
მიუხედავად ტრავმისა, ფრანგი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში მაინც მოხვდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მბაპეს მარცხენა მუხლის იოგების დაჭიმულობა დაუდგინდა. ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა შესაძლოა მოედანზე დაბრუნება მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლოს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მბაპეს მონაწილეობა 8 იანვარს ატლეტიკოს წინააღმდეგ გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაში ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ El Chiringuito TV იტყობინება ჟურნალისტ ხოსე ლუის სანჩესზე დაყრდნობით.
ესპანეთის სუპერთასის ფინალი 11 იანვარს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს აქვს შანსი, რომ ფინალურ მატჩში ითამაშოს, თუ რეალი ნახევარფინალში ატლეტიკოს დაამარცხებს და გადამწყვეტ შეხვედრაში გავა.
საბოლოო გადაწყვეტილება მბაპეს სათამაშო მზადყოფნასთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული.