28 წლის ივანა ნედვედი - იუვენტუსის და ჩეხეთის ნაკრების ცნობილი ექს-ფეხბურთელის, ოქროს ბურთის მფლობელის, პაველ ნედვედის ქალიშვილი ამ კვირაში 25 წლის ამერიკელ ჩოგბურთელზე, სებასტიან კორდაზე დაინიშნა.
ივანა მამის კვალს არ გაჰყვა და სპორტსმენი არ გახდა - მან მარკეტინგის განხრით მაგისტრის დიპლომი აიღო და ჯერ "ალფა რომეოში" მუშაობდა, შემდეგ იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში, ახლა კი კომპანია KNIT-ში მარკეტინგის დირექტორის თანამდებობას იკავებს.
კორდა და ნედვედი ურთიერთობაში 2021 წლიდან არიან და ახლა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანაც გადაწყვიტეს.
„ყველაზე მაგარი ისაა, რომ სპორტი კარგად ესმის. ის ხვდება, რამდენად რთულია იყო პროფესიონალი ჩოგბურთელი და რამხელა მსხვერპლის გაღებაა საჭირო. ის ყველაფერში მხარს მიჭერს და ჩემთან ერთად ბევრს მოგზაურობს. ძალიან ვაფასებ მის მატჩებზე დასწრებას - ერთად კარგ დროს ვატარებთ, ის ჩოგბურთისგან ყურადღების გადატანაში მეხმარება. ერთად ვათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს, ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრებით, რაც სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია." - აღნიშნა კორდამ.









