არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული ჭიდაობა ერთ-ერთი უძველესი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სამხედრო ტრადიციებს. მასზე არაერთი ცნობა მოიპოვება ისტორიულ ქრონიკებში და ფოლკლორში. ჭიდაობა მხოლოდ სპორტული ორთაბრძოლა არ გახლავთ, ის ეროვნული იდენტობისა და ღირსების გამომხატველი სიმბოლოა.
ქართულ ჭიდაობაზე პირველი წერილობითი ცნობები „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებში გვხვდება. Როგორც საბრძოლო ხელოვნებაზე, მასზე საუბრობენ XII საუკუნის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტები – მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ და იოანე შავთელის „აბდულმესიანი“. XIII საუკუნის დასაწყისში ისტორიულ წყაროებში აღწერილია მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების, ხიზამბარელისა და ბებურიშვილის ორთაბრძოლა. ხოლო XV საუკუნეში მემატიანეები გვამცნობენ ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრას თათართა ფალავან ძალანთან.
ამავე ეპოქის მნიშვნელოვანი არტეფაქტია ალავერდის ტაძრის შესასვლელზე არსებული ბარელიეფი (XV ს.), რომელზეც ასახულია ქართული ჭიდაობის სცენა – პირდაპირი ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რომ ჭიდაობა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართულ საზოგადოებაში.
ქართულ ჭიდაობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა როგორც საერო, ისე საეკლესიო დღესასწაულებზე – ძირითადად სოფლებში.
შეჯიბრებები, როგორც წესი, უქმე დღეებში იმართებოდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოზარდები, ასევე გამოცდილ ფალავნებიც. საჭიდაო სარბიელს პატრონობდა „ჩოხების შემნახველი“ – ტრადიციული ორგანიზატორი, რომელიც ჭიდაობის ფანდებს ასწავლიდა ახალგაზრდებს, მართავდა ასპარეზობას და ზედამხედველობდა წესრიგს. წრეში წესრიგის დასამყარებლად აყენებდნენ მოქნილ ახალგაზრდებს, რომლებსაც გრძელი სახრეებით ხელში მაყურებლების ზომაზე უკან დაწევა ევალებოდათ.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჭიდაობა პოპულარული ხდება ქალაქებშიც – თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თელავსა და გორში. Დედაქალაქი მალევე იქცა ქართული ჭიდაობის მთავარ ცენტრად, სადაც ქვეყნის ყველა კუთხის ფალავნები იყრიდნენ თავს. თბილისის თითქმის ყველა უბანს საკუთარი საჭიდაო მოედანი ჰქონდა, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეულები იყო “კრუგები” ვერაზე, ელისაბედის ქუჩაზე (ახლანდელი წინამძღვრიშვილის), ავლაბარში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყესთან), ელიაზე, მახათაზე.
XX საუკუნის დასაწყისში, ფიქრის გორაზე შეჯიბრებებს ხელმძღვანელობდა ყარაჩოხელი გიორგი (გოლა) ლეჟავა – ბაბაჭუა, ხოლო მსაჯთა შორის იყვნენ მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პოეტი ბეჩარა, არბიტრი ვანო ჩიბალოვი, ცნობილი იურისტი შალვა მესხიშვილი და ქალაქის სხვა გამოჩენილი და პატივსაცემი სახეები. Ფალავნებს არ იკითხავთ? Საკუთარ სიმარჯვეს და ძალას ამტკიცებდნენ - დათა ხიზამბარელი, იაკობ ეგნატაშვილი, ივანე ყირიმელაშვილი (კულა გლდანელი), ნესტორ ესებუა, ლუკა დადიანიძე, კოსტა მაისურაძე, ვანო აბულაძე (კამბეჩუა), სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი), მიხა ქურხული, იოსებ ცერაძე და მრავალი სხვა ლეგენდარული მოჭიდავე.
XIX საუკუნის პრესაში – „დროება“, „ივერია“ და სხვა გამოცემებში – ჭიდაობის ასპარეზობებს აქტიურად აშუქებდნენ. ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს – ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, სერგეი მესხს და დანიელ ჭონქაძეს – განსაკუთრებული სიყვარული ჰქონიათ ქართული ჭიდაობის მიმართ. ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ ჭიდაობა მხოლოდ სპორტი კი არა, არამედ ეროვნული თვითშეგნების ნაწილი იყო.
დღემდე აღწერილია დაახლოებით 23 სახეობის კუთხური ჭიდაობა, რომლებიც საქართველოში რეგიონების მიხედვით განსხვავდება ტექნიკით, ილეთებითა და სახელწოდებებით. მათ შორის აღსანიშნავია:
რაჭული – ღოჯური, ბეჭ და ბეჭ
სვანური – ლიბრგიელ, ლიბუნძგვალ
იმერული – საბეჭურით ჭიდაობა
მეგრული – რკინება, მოგორდია
გურული – ჭედობა
მთიულური – იღლიღორა
ხევსურული – მოშ და მოშ, მუქასრისა
ქიზიყური – მკლავმობმით
მაჯურა – ხელის ჩამორთმევის პოზიციიდან ჭიდაობა
მკერდაობა, ცალხელა, თვალახვეული და სხვა სახეობები
მათგან თითოეული ავითარებდა მეომრისთვის საჭირო უნარებს – მაგალითად, ცალხელა იმიტირებდა ხელში დაჭრილი მებრძოლის მოქმედებას, მკერდაობა – ხელებშეკრულისას თავდაცვას და ასე შემდეგ.
ქართული ჭიდაობა მოიცავს 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს, რომლებიც კლასიფიცირებულია ექვს ძირითად კატეგორიად: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მათ გარდა, არსებობს ორი დამხმარე ჯგუფი – ბრუნები და ლოჯურები. ყოველი მათგანი ასობით ფანდს მოიცავს და მოჭიდავეს ტექნიკურად მაღალ დონეზე ამზადებს.
შეჯიბრებები ტარდება სპეციალურ მოედანზე – ნახერხმოყრილ წრეზე (მინიმალური დიამეტრი - 10 მ, ნახერხის სისქე - 20-30 სმ)
ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენზე. გამარჯვება ენიჭება მოჭიდავეს, რომელიც მეტოქეს ორივე ბეჭით სარბიელზე დადებს ან ქულებით აჯობებს - ანუ ილეთებით მეტ ქულას დააგროვებს. იკრძალება მახრჩობელა, მტკივნეული ილეთები, ფეხებში ჩავლება ან დაჩოქილ ან წაქცეულ ოპონენტზე მისვლა.
ქართული ჭიდაობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ორთაბრძოლა – მასში გაერთიანებულია მოძრაობა, რიტმი, კულტურა, ისტორია და ძალა. Ძალიან ხშირად, ბრძოლა მუსიკალური აკომპანიმენტის ფონზე მიდის, რაც მთელ პროცესს თეატრალურ, ცეკვასთან მიახლოებულ ელფერს ანიჭებს.
2018 წელს, ქართული ჭიდაობა იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. Მას შემდეგ იუნესკო უკვე ეწევა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას და ელექტრონულ თუ ბეჭდურ გამოცემებში მას დიდ ყურადღებას უთმობს.
2022 წელს, ისტორიაში პირველად, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო პირველობა გაიმართა, რომელსაც თბილისის ცირკმა უმასპინძლა. Მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის ფალავნებმა მიიღეს.
2023 წელს კი ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (IFGW) ისტორიაში პირველად ჩაატარა ევროპის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ჩემპიონატი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ძველ ბერძნულ ამფითეატრში გაიმართა - აბსოლუტურ წონაში - რომელშიც 25-ზე მეტი ქვეყნის ფალავანი მონაწილეობდა.
ვიდეოს საყურებლად
გაიარე ავტორიზაცია
ცოტნე ჭანკოტაძე
ლინკის დაკოპირება
კომენტარები