საფეხბურთო სეზონი ფინიშისკენ მიდის, ევროპის ტოპ-ლიგებსა თუ მათ ქვედა დივიზიონებში მოთამაშე ქართველებს კი სხვადასხვა სახის ამოცანა დარჩათ გადასაჭრელი. კვარაცხელია თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმიზნებს, ფრანგული ოქრო ჯიბეში აქვს და დიდი ალბათობით, იტალიურსაც მიიღებს, ჯვაროსნების ლეგიონის სხვა წევრებს დიდი ბრძოლა უწევთ საგზურებისა და სასურველი პოზიციებისთვის.
საფრანგეთის ლიგა 1-ში მიქაუტაძის ოლიმპიკსა და დავითაშვილის სენტ-ეტიენს განსხვავებული მისიები აქვთ შესასრულებელი. მას შემდეგ, რაც ევროპა ლიგას გამოეთიშნენ, ლიონელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად გააკეთეს აქცენტი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, საამისოდ ფორტუნას იმედი უფრო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე - ნაქები თავდასხმისა.
ჟორჟმა მორიგი გოლი გაიტანა,მაგრამ ლიონი შინ შერცხვა და ახლა ევროპა ლიგისა თუ კონფერენს ლიგის საგზურიც სანატრელი გაუხდა. საწყენია ისიც, რომ უკვე გაჩემპიონებულმა პარი სენ-ჟერმენმა მიქაუტაძის გუნდის ორივე უშუალო კონკურენტს, ნიცასა და სტრასბურს დაურიგა უმნიშვნელოვანესი სამ-სამი ქულა. დარჩენილ ორ ტურში პაულო ფონსეკას გუნდი ჯერ მონაკოს ესტუმრება, ბოლოს კი სახლში ანჟეს მიიღებს.

ურთულეს მდგომარეობაშია სტ. ეტიენი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს დასარჩენად ებღაუჭება. ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ მწვანეებს თითო საფეხურით წინ არსებული ლე ავრისა და ნანტის გადასწრება აქვთ მიზნად დასახული. სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, დავითაშვილის გუნდმა დარჩენილ ორ მატჩში მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ნორმანდიელებს მაინც გადაუსწროს, რათა დასარჩენ-დასაქვეითებელ პლეი-ოფში ღვაროს ოფლი ქვედალიგელ გუნდთან.
სენტ-ეტიენის ბედად, კონკურენტ ლე ავრს ორივე თამაში ძლიერ გუნდებთან - მარსელის ოლიმპიკსა დაუკვე ნახსენებ სტრასბურთან აქვთ, რომლებიც ევროზონის დათმობას ალბათ არ აპირებენ.

სერია A-ში დასარჩენად იღწვის ასევე ბოლოსწინა ადგილზე გაჩერებული ემპოლი. მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძის გუნდმა იტალიის პირველობის საკმაოდ დამაჯერებლად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე წრე პირწმინდად ჩააგდო.
ტოსკანელებს ჩემპიონატში სამი თამაში დარჩათ ჩასატარებელი, სამივე თავიანთ ახლოს მყოფ გუნდებთან (პარმა, მონცა, ვერონა), თუმცა ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ელიტაში დარჩენა საკმაოდ გაუჭირდებათ.
მსგავსი თავსატეხი აქვთ ქართველთა გუნდებს იტალიის რანგით მეორე ლიგაშიც: ლუკა ლოჩოშვილის სალერნიტანა და U21 ჯვაროსნების შემტევის, გიორგი კვერნაძის ფროზინონე ბოლო ტურებში საჭირო ქულებს წვალებით იღებენდა სერია B-ში დასარჩენად იბრძვიან.
აქაც ორი ტური დარჩა და პროგნოზების გაკეთება ნამდვილად რთულია. შესაძლოა, ორივე გუნდი დარჩეს, შესაძლოა - ორივე გავარდეს, ან რომელიმემ დასარჩენად ითამაშოს ორმატჩიანი პლეი-ოფი. შედარებით უკეთესი კალენდარი კი სალერნოელებს აქვთ.
ჯერ კიდევ ბრძოლაშია ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი, რომელმაც ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში შინ ბოლოადგილოსან ბოხუმს ვერაფერი მოუხერხა და ნულოვან ყაიმს დასჯერდა. ბადენელები მომდევნო თამაშს დედაქალაქში, ყოვლად უმოტივაციო უნიონთან გამართავენ, სახლში კი ევროსაგზურზე მომზირალ ვერდერს მიიღებენ.
ბუნდესლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა, შესაბამისად, ჰაიდენჰაიმსა და ბუდუს ორმატჩიანი ამოცანის შესრულებაში იღბალიც უნდა წაეხმაროს, რათა სულ მცირე იმავე პოზიციაზე დარჩეს, რომელზეც ახლაა - ბოლოდან მესამე ადგილი ხომ მეორებუნდესლიგელ გუნდთან დაპირისპირებას ნიშნავს.

ლა ლიგა 2-ში კვლავ მეორე ადგილზეა ვალენსიური ლევანტე, რომლის შეუცვლელი ფიგურაც გიორგი ქოჩორაშვილია. ბაყაყებმა ბოლო მატჩი შინ აუტსაიდერ ტენერიფესთან ფრედ დაასრულეს და კონკურენტი გუნდებიც ხელის გაწვდენაზე მიიახლოვეს, თანაც მომდევნო თამაში პირველადგილოსან ელჩესთან აქვთ სტუმრად.
აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე ტურში, ორი უშუალო კონკურენტი, სანტანდერის რასინგი და ბოლო ხანს მოძლიერებული ოვიედო, ერთმანეთს ხვდებიან. ასეა თუ ისე, ქოჩორას გუნდს დარჩენილ ოთხ თამაშში ნამდვილად ხელეწიფება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში აღზევება, რასაც სეზონის გათვალისწინებით, იმსახურებენ კიდეც.

ავსტრიის მორიგი ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობს გრაცის შტურმი, რომლის ქართველმა კაპიტანმა კიდევ გაიტანა - ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე უკვე 12 გოლია და ბომბარდირთა დავაში მის წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ბლაუ-ვაის ლინცის ბრაზილიელი წევრი რონივალდოა, 14 გატანილი ბურთით. შტურმსა და კიტეს ოქროს ასაღებად სამი მატჩი დარჩათ.
მეტი რა შეიძლება ითქვას, გაბრიელ სიგუა ბაზელთან ერთად შვეიცარიაში გაჩემპიონდა, გურამ კაშია კიდევ ერთხელ - სლოვაკეთში, გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი კი დანიის ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად თავგამოდებული იბრძვის.