ჩელსის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) 10 მილიონი ფუნტის ოდენობის ფინანსური ჯარიმა და ორი სრული სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების რეგისტრაციის აკრძალვა დააკისრა.
კლუბს ეს სანქცია კლუბის მიერ FA-ის ფეხბურთის აგენტების რეგულაციების, შუამავლებთან მუშაობის წესებისა და ფეხბურთელებში მესამე მხარის ინვესტირების რეგულაციების დარღვევის გამო დაედო.
FA-მ ჩელსის 74 დარღვევაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც კლუბის ახალმა მფლობელებმა, კლუბის შეძენის შემდეგ, აღნიშნული დარღვევები თავად აცნობეს ასოციაციას. FA აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხების გამოძიებას.
ჩელსიმ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის სხდომამდე აღიარა FA-ის წესის 74-ვე დარღვევა. ამის შემდეგ კომისიამ კლუბს 6 ქულის დაკლება და ასევე 10 მილიონი ფუნტის ჯარიმა დააკისრა.
კლუბმა ქულების დაკლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დამოუკიდებელმა სააპელაციო საბჭომ საჩივარი დააკმაყოფილა, აღნიშნული სანქცია გააუქმა და მის ნაცვლად ზედიზედ ორი სრული სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების რეგისტრაციის აკრძალვა დააწესა, რომელიც 2027 წლის 30 ივნისამდე შეჩერებულია.
FA-ს უფლება ექნება, ეს სატრანსფერო აკრძალვა გააქტიუროს, თუ დაადგენს, რომ ჩელსიმ მსგავსი ტიპის დარღვევები კვლავ ჩაიდინა.
მარეგულირებელი კომისიის მიერ დაკისრებული 10 მილიონი ფუნტის ჯარიმა გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, ხოლო აღნიშნული თანხა სრულად საბაზო ფეხბურთის განვითარების დაფინანსებას მოხმარდება.