საქართველოს ნაკრებს დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი აქვს.
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ეროვნულ გუნდს მასპინძლობს და გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება.
მეორე შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველო, მონტენეგროს გარდა, ესპანეთთან, უკრაინასთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან ერთად მოხვდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს საუკეთესო სამი გუნდი მიიღებს - ეს 6 ტურის შედეგებით გაირკვევა მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრები ბერძნებთან, პორტუგალიელებთან და მონტენეგროელებთან 2-2 თამაშს (შინ და სტუმრად) ჩაატარებს.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ალეკსანდარ ჯიკიჩს ყველა მოთამაშე ჯანმრთელად ჰყავს და ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობა შეუძლია.
ჯიკიჩმა მონტენეგროსთან მატჩისთვის ასეთი 12-კაციანი განაცხადი შეადგინა: ალექს მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები აქ იყიდება. თამაში 19:30 საათიდან იწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხზე ვნახავთ.