-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩრდილოეთ ირლანდიასთან უსახური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაშში პოზიტივების დანახვა ნამდვილად შესაძლებელი იყო - სანიოლის ბოლო შემადგენლობიდან განსხვავებით, გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, რამაც ჩვენებს ცენტრის დაჭერის საშუალება მისცა.
მატჩის პირველ ნახევარში საქართველომ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რაც კარისკენ დარტყმებშიც აისახა და ერთ მომენტში გიორგი მიქაუტაძის დროული პასის შემთხვევაში შესაძლოა ანგარიშიც გაგვეხსნა - ვილიარეალის ფორვარდის პასი კვარაზე დაგვიანდა, თამაშგარეში მყოფმა ხვიჩამ კი შეტევა სათანადოდ ვერ დაასრულა.
შეხვედრაში ჩართვა არაერთხელ მოუწია უკრაინის ნაკრების სათადარიგო მეკარე ანატოლი ტრუბინს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთთან მატჩის შემდეგ უკრაინელთა შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა - ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო ვლადისლავ ვანატი იყო.
მატჩის პირველი ნახევრის სტატისტიკა:
ბურთის ფლობა: 51 - 49
საგოლე მომენტები: 1 - 0
დარტყმები: 8 - 4
მეკარის მოგერიებები: 1 - 3
კუთხურები: 3 - 0
უკრაინელებმა მატჩის მეორე ნახევარი სამმაგი ცვლილებით დაიწყეს - ანდრეა მალდერამ ცვლილებები ნახევარდაცვასა და შეტევაში შეიტანა. მატჩში იერემჩუკი, ოჩერეტკო და სიკანი ჩაერთნენ, 20 წუთში კი კიდევ ერთი ნახევარმცველი შეიცვალა - ხლანის მაგივრად მოედანზე შაპარენკო შემოვიდა.
ამის მთავარი მიზეზი ალბათ უკრაინელთა ნახევარზე დიდი სივრცეების არსებობა გახლდათ, რომელიც სამწუხაროდ ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. ერთ მომენტში ხვიჩამ იჩქარა - პსჟ-ს ფორვარდის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოვიდა.
მეორე შემთხვევაში ხიფათი ჩაკვეტაძის ცუდმა პირველმა შეხებამ შეასუსტა, კვარახელიას მახვილი კუთხიდან დარტყმა კი ტრუბინმა მოიგერია. ეს მეორე ტაიმში უკრაინელთა მეკარის ორი მოგერიებიდან პირველი გახლდათ.
67-ე წუთზე მატჩში სერია ა-ს თვის საუკეთესოობისთვის მებრძოლი გიორგი კვერნაძე ჩაერთო, რომელმაც გიორგი მიქაუტაძე შეცვალა. ისევე როგორც ჩრდილოეთ ირლანდიასთან, კარგი მატჩი ჟორჟს არც უკრაინასთან გამოუვიდა - ვილიარეალის ფორვარდმა მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.
შანსები არც ახლადშემოსულ კვერნაძეს შექმნია - დარჩენილ დროში ქართველებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს - 88-ე წუთზე კვარას შორეულ გასროლას ტრუბინი მშვიდად დახვდა . 73-ე წუთზე მოედანი ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა დატოვეს - მათ მაგივრად კი თამაშში ზურიკო დავითაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი ჩაერთვნენ.
სვანაძის შეტევაზე გაკეთებულმა აქცენტმა უკრაინელებს ბურთი მისცა, თუმცა ქართველები მომენტებში მათ ნახევარზე ბურთის დაჭერას მაინც ახერხებდნენ. ცვლილებებმა ვერ გაამართლა - შეტევაში გააზრებული თამაშის ნაკლებობა განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთებზე შეინიშნებოდა.
მატჩის მეორე ნახევრის სტატისტიკა:
ბურთის ფლობა: 46 - 54
საგოლე მომენტები: 0 - 0
დარტყმები: 6 - 3
მეკარის მოგერიებები: 1 - 2
კუთხურები: 1 - 0
გუნდმა ვერ გამოიყენა ფიზიკურად ძლიერი და მაღალი კვერნაძე. იყო მომენტები, სადაც სიტუაცია საჯარიმოში მაღალი ბურთის ჩაწოდებას ითხოვდა, თუმცა იქ მაღალი ფორვარდის არყოფნის გამო სხვაგვარი გაგრძელების პოვნა გახდა საჭირო.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გულშემატკივარს ბოლო ხანია აწუხებს, ბუდუ ზივზივაძეს ეხება - რატომ არ ეძლევა ჰაიდენჰაიმის ფორვარდს არც ერთი წუთი? განსაკუთრებით ისეთ მომენტებში, როდესაც თითქოს მისი მოედანზე ყოფნის საჭიროება არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ბუდუს შესაძლებლობები ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს.
შეხვედრას მთავარმა არბიტრმა სამი წუთი დაამატა, 92-ე წუთზე კი რამაზ სვანაძემ ბოლო ცვლილება გამოიყენა - გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შემოვიდა. მატჩის ბოლო წამები ქართველმა ფეხბურთელებმა ბურთის გორაობაში გაატარეს, რამაც გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბურთს მარცხენა ფლანგზე ითხოვდა ძალიან გააბრაზა.
მატჩის საბოლოო სტატისტიკა:
მოსალოდნელი გოლები: 0.91 - 0.17
კარისკენ დარტყმები: 14 - 7
კარში დარტყმები: 5 - 2
ზუსტი პასები მეტოქის მესამედში: 87 - 77
ბურთთან შეხებები მეტოქის საჯარიმოში: 24 - 4
საგოლე შანსები: 1 - 0
რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა და ეს ასე ვერც იქნებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამაზ სვანაძეს ნაკრების მოსამზადებლად რეალურად ერთი სრული დღე ჰქონდა და ყველაფრის მიუხედავად ჩანდა, რომ გუნდი მოსაგებად თამაშობდა.
გამოჩნდა, რომ ნაკრებმა უკეთესი ფეხბურთის თამაში სცადა, ხოლო რა გამოვიდა ეს სხვა საკითხია. ახალ მწვრთნელს უფრო დიდი დრო ექნება - იმედი ვიქონიოთ ახალი მიდგომებითა და ენერგიით საქართველო მრავალ წარმატებას მიაღწევს. მანამდე, ოთხ დღეში კი სვანაძის ბიჭები უნგრეთს ურთულესი მისიით ესტუმრებიან.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები