უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ, საქართველოსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაჯამა.
იტალიელმა სპეციალისტმა პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადა კიევში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს, შემდეგ კი გუნდის თამაშსა და ტაქტიკურ დეტალებზე ისაუბრა:
პირველ რიგში, თანადგომა მინდა გამოვუცხადო ხალხს კიევში, სადაც სარაკეტო თავდასხმა მოხდა. რაც შეეხება კითხვას, მე არ მომწონს გუნდის დაყოფა ძირითად და სათადარიგო შემადგენლობად, ერთი გუნდი ვართ. მინდოდა, ახალი ფეხბურთელები მენახა - მათ ძალიან კარგად ითამაშეს. კმაყოფილი ვარ მათი თამაშით.
მალდერამ ასევე შეაფასა საქართველოს ნაკრების თამაში:
ძალიან კონცენტრირებული გუნდი ვნახე, რომელმაც თითოეული ბურთისთვის იბრძოლა. საქართველოს ჰქონდა საგოლე მომენტებიც. თანაბარ თამაშს ველოდი და ასეც იყო. ჩემი შესაფასებელი არ არის საქართველოს ნაკრების თამაში, მაგრამ ხასიათის მხრივ ჯანსაღი გუნდი ვნახე.
უკრაინელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ შეტევაში სივრცეების ნაკლებობის გამო გაუჭირდათ, თუმცა საბოლოო ჯამში ნაჩვენები შედეგითა და ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილია.