უკრაინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ეგორ ნაზარინამ, საქართველოსთან ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სტუმრად მოპოვებული ერთი ქულა ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
ფეხბურთელმა აღნიშნა:
სწორედ ასეთ თამაშს ველოდით, რადგან რთული მეტოქის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ. ეს იყო მძიმე თამაში, არც მეტოქე გვყავდა იოლი, მაგრამ ვცდილობდით ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. ის, რასაც მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი ჩვენგან ითხოვს.
ვფიქრობ, რომ ხანდახან ეს გამოგვდიოდა. საქართველოსთან გასვლაზე ერთ ქულასაც ცუდ შედეგად არ მივიჩნევ. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის.
ნაზარინამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ უკრაინელებმა ქართველებთან სტუმრად თამაშის ტრადიციული ფრეების სერია გააგრძელეს, თუმცა მთავარ პლუსად გუნდური სულისკვეთება და მშრალად შენახული კარი დაასახელა.
რაც შეეხება შეტევაში არსებულ ხარვეზებს, ნახევარმცველმა სამწვრთნელო შტაბის პოზიცია გააზიარა და აღნიშნა, რომ სათამაშო კომპონენტებსა და მომენტების რეალიზაციას აუცილებლად გააუმჯობესებენ.