ლოს ანჯელეს ლეიკერსის ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა შესაძლოა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან მომავალი დაპირისპირება გამოტოვოს.
კალიფორნიული გუნდის საეჭვო მოთამაშეთა სიაში 27 წლის ფორვარდი ავადმყოფობის მიზეზით მოხვდა. თუ სანდრო მოედანზე ვერ გავა, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამოტოვებული შეხვედრა იქნება.
მამუკელაშვილმა ამ სეზონში ლეიკერსის ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯეი ჯეი რედიკის გუნდში მნიშვნელოვანი როლი მოირგო. ის მოედანზე საშუალოდ 23 წუთს ატარებს, მისი მონაგარი კი 9 ქულა, 4.6 მოხსნა და 1.7 შედეგიანი გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა საუკეთესო მატჩი 27 ოქტომბერს სწორედ პორტლენდის წინააღმდეგ ჩაატარა და 17 ქულით პირადი სეზონური რეკორდი დააფიქსირა.
ამერიკული მედიის ცნობით, რედიკს როტაციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. სანდროს არყოფნაში მწვრთნელს მწყობრში დაბრუნებული ადუ ტიეროს გამოყენება შეუძლია, თუმცა მათ განსხვავებული სტილი აქვთ. მამუკელაშვილი გუნდს წინა ხაზში გაბარიტებით, მოხსნებითა და პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით ეხმარება, ტიეროს ძლიერი მხარე კი ათლეტიზმი და დაცვაში უნივერსალურობაა. ხანგრძლივი პაუზის გამო, ტიეროს მხრიდან ქართველის სრულფასოვნად ჩანაცვლება რთული იქნება.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი პორტლენდს საკუთარ არენაზე 7 ნოემბერს დაუპირისპირდება. კალიფორნიელებს რეგულარულ ჩემპიონატში 9 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერთა შორის იმყოფებიან.