კალათბურთში ევროთასის მეექვსე ტურის შეხვედრა ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
კლუბმა საკუთარ მოედანზე რუმინულ კლუჟ-ნაპოკას უმასპინძლა და მეტოქე 40 ქულის სხვაობით, ანგარიშით 113:73 გაანადგურა.
ამ მატჩში გამორჩეული იყო გიორგი შერმადინი. 37 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 14 წუთი (13 წუთი და 50 წამი) დაჰყო, თუმცა ამ მცირე დროშიც მოახერხა გუნდისთვის 21 ქულის, 5 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის მოტანა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ხაიმე ფერნანდესი გახდა. შერმადინის თანაგუნდელმა ქართველს მხოლოდ ერთი ქულით აჯობა და აქტივში 22 ქულა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ გიორგის მსგავსად 21 ქულა დააგროვა რუმინული გუნდის კალათბურთელმა მალკოლმ ჰილმაც.
ამჟამად ტენერიფე რვა გუნდისგან შემდგარ ჯგუფს ლიდერობს. მათ 6 ჩატარებული მატჩიდან 5 გამარჯვება აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება, გუნდი სტუმრად ლიეტუვურ შიაულიაის დაუპირისპირდება.