საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული სანაკრებო ფანჯრისა და ერთა ლიგის მატჩების წინ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგის ახალი ფორმატი ბევრ რამეს შეცვლის:
ერთა ლიგის ახალი ფორმატი ბევრ რამეს შეცვლის მომზადების კუთხით. მსგავსი ცვლილებები ხელს დიდ ნაკრებებს უწყობს, ვისაც დიდი რესურსი აქვს. ჩვენს ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს. ბევრი ტრავმირებული იყო, ზოგი ახლახანს დაბრუნდა და ჯერ მცირე სათამაშო დრო აქვთ. კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება რთულია, ჩაკვეტაძესაც აკლია თამაშები. იმედი მაქვს, ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს პრობლემები კომპენსირდება.
მთავარმა მწვრთნელმა ახალბედა და გამოძახებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოთო მამაგეიშვილი ავსტრიაში კარგად თამაშობს და გაგნიძის არყოფნაში მისთვის შანსი გაჩნდა, ხოლო ირაკლი ეგოიანი, რომელმაც პოზიცია შეიცვალა, კიდევ უფრო უნივერსალური და სტაბილური გახდა. რაც შეეხება ირაკლი აზაროვის ტრავმას, გიორგი გიორბელიძისა და სხვა კანდიდატების განხილვის შემდეგ, საბოლოო არჩევანი საბა ხარებაშვილზე შეჩერდა.