-
Aa
+
ფონტის ზომა
დაძაბულ სესიაში მან ლუის ჰემილტონი და კიმი ანტონელი დაამარცხა, ხოლო შარლ ლეკლერი ავარიის გამო ბრძოლას გამოეთიშა.
მონაკოში იმედგამაცრუებელი გამოსვლის შემდეგ, მერსედესის პილოტი მთელი კვალიფიკაციის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო და მისი შესანიშნავი წრე (1:14.679) კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
ამ შედეგით რასელმა სეზონში მესამე პოულ პოზიცია მოიპოვა.
ლუის ჰამილტონმა ბოლო მცდელობით პირველი რიგი დაიბრუნა და კიმი ანტონელი მე-3 ადგილზე ჩამოაქვეითა. ეს იტალიელი ახალბედისთვის გრან პრის კვალიფიკაციაში სეზონის ყველაზე დაბალი შედეგი აღმოჩნდა.
ლანდო ნორისი მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო მის უკან რედ ბულის პილოტები მაქს ვერსტაპენი და ისაკ ჰაჯარი განლაგდნენ.
მაკლარენის მეორე მრბოლელმა, ოსკარ პიასტრიმ, მე-7 ადგილი დაიკავა.
შთამბეჭდავი კვალიფიკაცია ჩაატარეს რეისინგ ბულსის ლიამ ლოუსონმა და აუდის ნიკო ჰულკენბერგმა, რომლებმაც შესაბამისად მე-8 და მე-9 პოზიციები დაიკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლეკლერი სესიის უმეტეს ნაწილში ლიდერთა ჯგუფში იმყოფებოდა, Q3-ის დასაწყისში ის ბარიერებს შეეჯახა და წრის დაფიქსირება ვეღარ შეძლო. შედეგად, მონეგასკი რბოლას მე-10 პოზიციიდან დაიწყებს.
ვარჯიშებზე ძლიერი გამოსვლის მიუხედავად, არვიდ ლინდბლადმა Q3-ში გასვლა ვერ მოახერხა და მე-11 ადგილი დაიკავა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ პირველ მოსახვევში ენერგიის განაწილების პრობლემა ჰქონდა.
მის უკან აუდის მეორე პილოტი გაბრიელ ბორტოლეტო და ფრანკო კოლაპინტო გავიდნენ, რომელმაც თანაგუნდელ პიერ გასლის აჯობა. ფრანგი მე-14 პოზიციაზე გავიდა.
გასლის უკან განლაგდნენ ოლი ბერმანი და კარლოს საინსი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში სეზონის 2 რბოლიდან პირველისთვის მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავა.
ჰაასის ესტებან ოკონი ყველაზე ახლოს იყო Q2-ში გასვლასთან, თუმცა საბოლოოდ მე-17 ადგილზე დარჩა. მის გვერდით, მე-18 პოზიციაზე, ალექს ალბონი განლაგდება, რომელმაც საკმარისი გაუმჯობესება ვერ მოახერხა, რათა თანაგუნდელის მსგავსად საუკეთესო 16-ში მოხვედრილიყო.
Q1-დან კვალიფიკაციას ასევე გამოეთიშნენ კადილაკის პილოტები სერხიო პერესი და ვალტერი ბოტასი.
ასტონ მარტინის დუეტი - ლენს სტროლი და ადგილობრივი გულშემატკივრების ფავორიტი ფერნანდო ალონსო, რომლის ბოლო გამარჯვება სწორედ ამ ტრასაზე 2013 წელს დაფიქსირდა - სასტარტო ბადის ბოლო რიგს შეავსებენ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

