-
Aa
+
ფონტის ზომა
,,როდესაც გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ ჯღარკავამ ერთი თვის წინ კლუბი დატოვა, მივხვდი, რომ პროექტი ფუნდამენტურად შეიცვალა და ჩემი დროც კლუბში დასასრულს უახლოვდებოდა. მიუხედავად ამისა, სწორედ მან და მთავარმა მწვრთნელმა - ორმა ადამიანმა, რომლებმაც პირველებმა დამარწმუნეს კლუბში მოსვლაზე - მთხოვეს, დავრჩენილიყავი და ერთად დაწყებული საქმე გამეგრძელებინა.
ერთი თვის წინ კლუბს ვაცნობე, რომ მზად ვიყავი წავსულიყავი, თუ ჩემი მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელი ცვლილებები არ განხორციელდებოდა. მომდევნო კვირებში ნათელი გახდა, რომ ეს არ მოხდებოდა და საბოლოოდ მაცნობეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა.
გულწრფელად მადლობელი ვარ კლუბის, რომ ნდობა გამომიცხადა და ასეთ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მომცა. ვფიქრობ, ზოგიერთ მიმართულებაში წარმატებას მივაღწიე, ზოგში კი - ნაკლებად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის იყო, რომ ვერ მოვახერხე ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და საქართველოდან იმ პროფესიონალების შეკრება, რომლებიც, ჩემი რწმენით, კლუბის სტრუქტურასა და ყოველდღიურ საქმიანობას სრულიად ახალ დონეზე აიყვანდნენ.
შედეგად, რამდენიმე ინიციატივა, რომლისაც მტკიცედ მჯეროდა, განუხორციელებელი დარჩა. მათ შორის: ფიზიკური მზადყოფნის დეპარტამენტი (ფიზიკური მომზადება, სამედიცინო მიმართულება, კვება და საფეხბურთო მეცნიერება), კლუბის იდენტობის დეპარტამენტი (მეთოდოლოგია, სათამაშო ფილოსოფია და ფეხბურთელების განვითარება) და ყოვლისმომცველი შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომელიც აკადემიის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მშობლებისთვის ინდივიდუალურად მორგებულ საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამებს მოიცავდა.
უკან რომ ვიხედები, ჩემს ყველაზე დიდ წარუმატებლობად იმას მივიჩნევ, რომ ვერ შევძელი კლუბის გადაწყვეტილების მიმღებ პირებში საკმარისი რწმენის გაჩენა, რათა ეს იდეები იმ ფორმით განხორციელებულიყო, როგორც მაშინ და ახლაც სწორად მიმაჩნია.
ამავე დროს, ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო ერთი მნიშვნელოვანი აზრის დათესვა: გადაწყვეტილებების მიღებამდე, თემის მიუხედავად, ობიექტური არგუმენტების მოძიებისა და შეფასების აუცილებლობის შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მარცვალი მომავალშიც განაგრძობს ზრდას.
ვიგრძენი სიყვარული და მხარდაჭერა საქართველოს საუკეთესო გულშემატკივრებისგან და ამ მხარდაჭერისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
პირველი და მეორე გუნდების სამწვრთნელო შტაბის, უკანა ხაზის თანამშრომლების, ფეხბურთელების, აკადემიის თითოეული წევრის, კლუბის ადმინისტრაციისა და გულშემატკივრების ემოციური შეტყობინებები და მხარდაჭერა ჩემთვის სიტყვებით აღუწერელია. ისინი კიდევ ერთხელ მაძლევენ რწმენას, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და მაძლევენ მოტივაციას, გავაგრძელო ჩემი წვლილის შეტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში.
ნამდვილად დიდი პატივი და პრივილეგია იყო იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, რომლებიც ამ კლუბის გულსა და სულს წარმოადგენენ - ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ესმით საერთო მიზნის მნიშვნელობა და ყოველთვის კლუბის ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ: არჩილი, ზაზა, არმაზი, ბესი, ლევანი, თორნიკე, შოთა, გიგა, კახა, ოლეგი, სერი, გოგი, ასლანი, ლადო და აკადემიის თითოეული თანამშრომელი.
გისურვებთ:
- პირველ გუნდს, მის მთავარ მწვრთნელს, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ყოველგვარ წარმატებას. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ, განსაკუთრებით ასეთი რთული პერიოდის შემდეგ. გულწრფელად მჯერა, რომ როგორც ჩემპიონობა, ისე საქართველოს თასი მათთვის სრულიად მიღწევადია;
- მეორე გუნდს მომდევნო საფეხურზე დაწინაურებას;
- აკადემიას მიმდინარე სეზონში ყველა დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას;
- ხოლო ახალ სპორტულ დირექტორს ძალას, სიბრძნესა და მხარდაჭერას, რათა მიაღწიოს იმ ამბიციებს, რომლებსაც როგორც თავად, ისე ეს კლუბი იმსახურებს." - წერია განცხადებაში.
დინამო ბათუმმა ახალი მენეჯმენტი თებერვალში წარადგინა. ნიკოლოზ ჯღარკავა გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო კლუბის ეფექტურ მართვაზე, ლიცენზირების პროცესზე, ასევე სპორტული და ბიზნეს მიმართულებების სრულ კოორდინაციაზე.
ზურაბ ორაგველიძე კი ფეხბურთის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, რაც აკადემიის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების, მწვრთნელთა განათლებისა და ფეხბურთელთა განვითარების მიმართულებებს მოიცავდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები