ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ქუთაისის ტორპედო რუსთავთან შეხვედრას, საკუთარი არენის ნაცვლად, სამტრედიაში ჩაატარებს.
ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ავრცელებს.
მიზეზი რამაზ შენგელიას არენაზე ჩატარებული მინდვრის საფარის განახლებითი სამუშაოებია. სანაკრებო პაუზის დროს დაგეგმილი რეაბილიტაციის მიუხედავად, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ბალახმა სათანადოდ განვითარება ვერ მოასწრო.
კლუბის განცხადებით, ამ ეტაპზე მოედანზე თამაში მინდვრის საფარის დამატებითი დაზიანების დიდ რისკს შეიცავს, რამაც შესაძლოა გუნდს სეზონის ბოლომდე საკუთარ სტადიონზე ასპარეზობის შესაძლებლობა წაართვას.
შესაბამისად, 18 ოქტომბერს დაგეგმილი დაპირისპირება სამტრედიაში გაიმართება, ხოლო მომდევნო საშინაო შეხვედრისთვის ტორპედო ქუთაისში დაბრუნდება.