ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა როდესაც საქმე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, მათი ფასი ერთიორად იზრდება.
ისტორიას ბევრი შემთხვევა ახსოვს, როცა ვარსკვლავები ტურნირს მიღმა რჩებოდნენ, თუმცა ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია: ეს ხუთი მოთამაშე დროსთან ჭიდილშია და დიდი შანსია, მუნდიალზე „ბოლო წუთს'' მაინც მოხვდნენ.
არგენტინის ნაკრების დაცვის ბურჯი, კრისტიან რომერო, ერთ-ერთია მათ შორის, ვისი მდგომარეობაც კითხვის ნიშნებს ბადებს. ტოტენჰემის მცველმა მუხლის იოგები დაიზიანა. მართალია, ოპერაცია საჭირო არ გახდა, მაგრამ მან სეზონი ნაადრევად დაასრულა. მთავარი პრობლემა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა, ასეთი დონის ტურნირისთვის ის შესაძლოა ოპტიმალურ ფორმაში არ იყოს.
ესპანეთის ნაკრებისა და არსენალის ნახევარმცველის, მიკელ მერინოს შემთხვევაც საკმაოდ რთულია. მან ვარჯიშზე ტერფის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც იანვარში ოპერაცია დასჭირდა. მერინოს ქუსლში სპეციალური ხრახნი ჩაუყენეს და დიდი ხნის განმავლობაში ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. ექიმების პროგნოზით, ის სირბილს ორ-სამ კვირაში დაიწყებს და თუ რეციდივი არ მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამ სიას ახლახან ლამინ იამალიც შეუერთდა. სელტასთან მატჩში მიღებულმა ტრავმამ ბარსელონას ვარსკვლავს სეზონი ნაადრევად დაასრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი მძიმეა, სამედიცინო შტაბი დარწმუნებულია, რომ 18 წლის ფეხბურთელი ტურნირის დაწყებამდე მწყობრში ჩადგება.

მსგავსი პრობლემების წინაშე არიან ბრაზილიელი ედერ მილიტაო და თურქი ტალანტი არდა გიულერი. ორივე მათგანმა იამალის მსგავსი დაზიანება მიიღო. მათი მონაწილეობა მუნდიალზე ეჭვგარეშეა, თუმცა ისევე როგორც სხვებს, მათაც სათამაშო რიტმის აღდგენა ფორსირებულ რეჟიმში მოუწევთ.
მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისს იწყება. ამ ხუთი ფეხბურთელისთვის ახლა ყოველი დღე გადამწყვეტია. ტალანტი მათ არ აკლიათ, თუმცა მთავარი ფაქტორი ფიზიკური კონდიციები იქნება, შეძლებენ თუ არა ისინი რეაბილიტაციის შემდეგ უმაღლეს დონეზე თამაშს?