მადრიდის რეალმა ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,მადრიდის „რეალმა“ და ვინისიუს ჟუნიორმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბთან ახლა 2032 წლის 30 ივნისამდე იქნება დაკავშირებული.
ვინისიუსი რეალს 2018 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში შეუერთდა. მადრიდულ კლუბში გატარებულ 8 სეზონში მან 375 მატჩი ჩაატარა, 128 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 უეფას სუპერთასი, 3 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
ამ წარმატებებში მისი წვლილი გადამწყვეტი იყო თავისი თამაშით, საგოლე გადაცემებითა და გოლებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ გატანილი გოლები ჩემპიონთა ლიგის იმ ორ ფინალში, რომლებიც რეალმა მოიგო: მე-14 ტიტული (პარიზი, 2022) და მე-15 ტიტული (ლონდონი, 2024).
რეალშო თამაშის პერიოდში ვინისიუსმა არაერთი ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა. ის გახდა 2024 წლის The Best FIFA Men's Player, 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ოქროს ბურთის მფლობელი, 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, 2022 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელი და 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე.
გარდა ამისა, ვინისიუსი მოხვდა FIFA World XI-ის (2024) სიმბოლურ ნაკრებში, 2-ჯერ დასახელდა FIFA FIFPro World11-ში (2023 და 2024) და 3-ჯერ შევიდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში (2021/22, 2022/23 და 2023/24).
ვინისიუს ჟუნიორი დღეს უკვე რეალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეპოქას წარმოადგენს." - წერია სამეფო კლუბის განცხადებაში.