ლამინ იამალმა რეალ მადრიდის ლეგენდას გადაასწრო და ლა ლიგაში 100 მატჩის ჩამტარებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ბარსელონას სენსაცია, ლამინ იამალი, დღეს სპოტიფაი კამპ ნოუზე ესპანიოლის წინააღმდეგ გამართულ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მიუხედავად გარკვეული ეჭვებისა მისი გადატვირთული გრაფიკის გამო.
მოედანზე გასვლით ლა მასიას აღზრდილმა ლა ლიგაში თავის მე-100 მატჩს მიაღწია, თანაც მხოლოდ 18 წლისა და 272 დღის ასაკში.
ამ მიღწევით ლამინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ტურნირის ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. მან რეალ მადრიდის ლეგენდას ერთ წელზე მეტით აჯობა და რეკორდი დაამხო.
ლამინმა გადაასწრო რაულ გონსალესს, რომელმაც ლა ლიგაში 100 მატჩი 19 წლისა და 284 დღის ასაკში დააგროვა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეების სამეულს ასრულებს იკერ მუნიაინი, რომელსაც ასევე ძალიან ძლიერი დასაწყისი ჰქონდა ატლეტიკ კლუბში და ეს შედეგი 19 წლისა და 293 დღის ასაკში დააფიქსირა.
პირველ 99 მატჩში ლამინ იამალმა 28 გოლი და 27 საგოლე გადაცემა მიითვალა. დღევანდელ დერბიში მან კიდევ ორი ასისტი დაამატა - პირველ ტაიმში ფერან ტორესს ორივე გოლი გაატანინა და ბოლოს თვითონაც გაიტანა.
განსაკუთრებული ფეხბურთელი და თინეიჯერი სენსაცია აგრძელებს რეკორდების მსხვრევას და აშკარაა, რომ მას წინ დიდი მომავალი ელის.