ეროვნული ლიგის 33-ე ტურში დინამო თბილისმა ტორპედო ქუთაისთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - 1:1.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ მედიასთან შეფასებები გააკეთა.
"საერთო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა. ერთი გუნდი ყველაფერს აკეთებდა, რომ თამაში მოეგო, მეორე კი ანგარიშის შესანარჩუნებლად მოქმედებდა.
სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი დრო გვქონდა, არაერთი შანსი შევქმენით და მოგებაც შეგვეძლო. გუნდით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა კარგი ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ არის ხოლმე მატჩები, როცა ბურთი კარში არ შედის, დღეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.
ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ ვერ მიიღო ის, რაც გეკუთვნის - გვქონდა შანსები, პენალტი ვერ გამოვიყენეთ, ასე რომ, დაკარგული ქულები საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
საქართველოს ჩემპიონატში ადვილი თამაშები არ არსებობს, ქულებს სხვა ლიდერებიც კარგავენ. ცხადია, ეს ის შედეგი არაა, რაც გვინდოდა, მაგრამ წინ 3 ტურია და კონკურენტებსაც რთული შეხვედრები აქვთ წინ, ერთმანეთსაც ხვდებიან. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი თამაშები მოვიგოთ და კონკურენტების შედეგებს დაველოდოთ", - განაცხადა ქეცბაიამ.
საჩემპიონო რბოლაში იბერია 1999-მა და დინამო ბათუმმა უპირატესობა მიიღეს, დინამო თბილისმა კი მათი, თუნდაც დროებით, გადასწრების შანსი გაუშვა ხელიდან.
VIDEO: უმნიშვნელოვანესი შედეგი საჩემპიონო რბოლაში - რა მოხდა ქართულ კლასიკოში?