ჯასტინ გეიჯი და მისი გუნდი უკიდურეს მეთოდებს მიმართავენ, რათა ივნისში გასამართი ისტორიული სატიტულო ბრძოლისთვის ვაშინგტონის რთულ კლიმატურ პირობებს მოერგონ.
14 ივნისს, UFC White House ტურნირის მთავარ მოვლენაში, გეიჯი მსუბუქი წონის დაუმარცხებელ ჩემპიონს, ილია თოფურიას, ქამრისთვის დაუპირისპირდება.
ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, ღია ცის ქვეშ იმართება, სპორტსმენებს სერიოზული გამოწვევები ელით. დანა უაითმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონში არსებული 90 გრადუსიანი (ფარენჰაიტით) სიცხის გამო, ტერიტორიაზე მწერების დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ორთაბრძოლები წვიმის შემთხვევაშიც არ გაუქმდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება შოუ შეაფერხოს, ელვაა.
ამ ექსტრემალურ პირობებთან გასამკლავებლად, ჯასტინის მთავარმა მწვრთნელმა, ტრევორ ვიტმანმა, სპეციალური დატვირთვის გეგმა შეიმუშავა. მისი თქმით, ვაშინგტონში ზაფხულობით საშინელი ტენიანობა და სიცხეა, რის გამოც გეიჯის სავარჯიშო რაუნდებს შორის საუნაში სვამენ.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თავიდან ჯასტინი საუნაში ვარჯიშის დაწყებამდე შედიოდა, ახლა კი ჯერ პულსს უწევენ მაქსიმუმამდე, შემდეგ შეჰყავთ საუნაში და იქიდან გამოსვლისას ისეთ მძიმე ფიზიკურ სადგურებს გადის, რომ მზის დარტყმის შეგრძნება ეუფლება. ვიტმანის თქმით, მართალია ძირითადი ბარათი საღამოს 8 საათზე იწყება და შედარებით გრილა, მათ მაინც უწევთ მწერებთან და მოულოდნელობებთან გამკლავებისთვის მზადება.
თავის მხრივ, განსხვავებული მომზადების მეთოდი აირჩია ილია თოფურიამაც, რომელიც თეთრი სახლის პირობებთან შესაგუებლად ვარჯიშების დიდ ნაწილს ღია ცის ქვეშ, მაიამის საწვრთნელ ბაზაზე გადის. გარდა ამისა, მატადორმა თავისი წინასაახალწლო რიტუალებიც დაიწყო - მან გეიჯის ფოტოსთან კედელზე უკვე მიიტანა სპეციალური თეთრი ვარდი, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას გვერდით.