17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლემ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გრანდიოზულ ღონისძიებას უმასპინძლა.
ადგილობრივი, სწრაფად მზარდი ორგანიზაცია RKENA მსოფლიო გიგანტს, PFL-ს (Professional Fighters League) დაუპირისპირდა. საღამოს მთავარი ინტრიგა სწორედ ამ ორი პრომოუშენის ათლეტების პირისპირ შეხვედრა იყო.
ღონისძიების ქარდი 15 ბრძოლისგან შედგებოდა. პრელიმინარულ ნაწილში გამართული 9 დაპირისპირებიდან 7-ში ქართველები მონაწილეობდნენ და 5 მათგანმა (სანდრო თევზაძემ, ზუკა ივანიძემ, ელენე ლოლაძემ, გიორგი ფოლადიშვილმა და მატე სანიკიძემ) გამარჯვება იზეიმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე ლოლაძის სადებიუტო მოგება სერბი მეტოქის წინააღმდეგ და მატე სანიკიძის მიერ ბრაზილიელი ევერტონ ნასიმენტოს ღრმა ნოკაუტში გაშვება, რითაც მან წაგებათა სერია შეწყვიტა.

ძირითადი ბადეც RKENA-ს მებრძოლებისთვის ფანტასტიკურად წარიმართა. ლევან კირტაძემ, ბახტიარ ნესიბბეკმა, დავით მგოიანმა და რუსლან ბოლქვაძემ საკუთარი ბრძოლები მოიგეს, რის შედეგადაც ქართული ორგანიზაცია 4:0 დაწინაურდა. PFL-ის მხრიდან სხვაობის შემცირება მხოლოდ იბრაგიმ იბრაგიმოვმა შეძლო, რომელმაც ნიკა კუპრავიშვილი დაამარცხა.
საღამოს კულმინაცია ნიკოლოზ აბრამიშვილისა და მაღალი ტემპით მოთამაშე, გამოცდილი აარონ მაკკენზის (12-2) დაპირისპირება იყო. უაღრესად დრამატული პირველი რაუნდის შემდეგ, აბრამიშვილმა მეორე რაუნდის შუაში მეტოქე ხელის მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და დანებება აიძულა. ამით ქართულმა პრომოუშენმა საერთო ჯამში 5:1 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიულ ტრიუმფს დარბაზიდან UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ილია თოფურიაც ადევნებდა თვალს, რომელიც სპორტის სასახლეში მთავარი ბადის დაწყებამდე მივიდა.
