სენსაციური გამოდგა UFC 328 - ნიუ ჯერსიში გამართულ საშუალო წონის საჩემპიონო დაპირისპირებაში ხამზატ ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი იგემა - დაუმარცხებელმა ჩეჩენმა ქამარი შონ სტრიკლენდთან დათმო.
დაცვის თანამშრომლებითა და პოლიციელებით სავსე ოქტაგონი - ბრძოლის დაწყებამდე ვნახეთ სცენა, რომლის მსგავსიც ორგანიზაციის ისტორიაში არასდროს გვინახავს, მათ შორის არც კონორი-ხაბიბის “ომის” წინ.
კონორისა და ხაბიბისგან განსხვავებით, მებრძოლებმა ჰერბ დინის მოწოდება არ იუარეს და ერთმანეთს ხელთათმანები შეახეს - UFC-ისეულმა ხელის ჩამორთმევამ დაძაბულობა ცოტათი განმუხტა.

გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი ხამზატს ადრეულ ფინიშს უწინასწარმეტყველებდა, გამონაკლისი არც ჩეჩენის კუთხეში მყოფი არმან ცარუკიანი გახლდათ:
უკანა მახრჩობელა ილეთი პირველივე რაუნდში!

რა თქმა უნდა ხამზატმა თავის სტილს არ უღალატა - თეიქდაუნი პირველი რაუნდის დაწყებიდან 14 წამში. თავის მხრივ შონმა კი კარგად იცოდა ფაქტი, რომ ჩიმაევის ფინიშებიდან არცერთი ყოფილა მეორე რაუნდის შემდეგ. სტრიკლენდის ამოცანა მკაფიო და ამავდროულად ურთულესი გახლდათ - გადაურჩეს ჩეჩენის პირველ ორ რაუნდს.
სტრიკლენდმა პირველი რაუნდი მიწაზე გატარა, მეორე რაუნდში კი ვნახეთ ის რასაც ცოტა თუ წარმოიდგენდა - დაცული თეიქდაუნი და ქვემოთ მოქცეული ხამზატ ჩიმაევი. მაგრამ ეს გულშემატკივრების ბოლო სიურპრიზი არ ყოფილა - ორ წუთ ნახევარი მიწაზე ჩიმაევის კონტროლი და ნული თეიქდაუნის მცდელობა რაუნდში ჩეჩენისგან. ყველაფერი ისე მიდიოდა, თითქოს ამერიკელმა ხამზატის დამარცხების გზას მიაგნო.

სტრიკლენდმა ჩიმაევს თავისი თამაში არ ათამაშა - ბრძოლის უდიდესი ნაწილი ფეხზე გაიმართა. მებრძოლები ერთმანეთს დარყმებს არ აკლებდნენ - დარტყმების უდიდესი წილი კი ამერიკელისგან მოდიოდა. ეს ბრძოლა სტრიკლენდისთვის UFC-ის კარიერაში მე-11 იყო, რომელშიც 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა. მასზე მეტი მხოლოდ მაქს ჰოლოუეის უგროვდება - ჰავაელმა ასეთ 17 ბრძოლას მოუყარა თავი.
ფაქტია, ამ ყველაფრის ერთობლიობამ სტრიკლენდს ბრძოლა მოაგებინა. მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი ვნახეთ ის რაც ფუნდამენტურია სპორტისთვის - ბრძოლის შემდეგ შუღლის დასასრული, უდიდესი პატივისცემა ორივე მებრძოლის მხრიდან.
ჰეი ჩიმაევ, რაც არ უნდა მოხდეს, მე მინდა ბოდიში მოგიხადო. შორს შევტოპე, ვწუხვარ

ლეგენდარულმა ბრუს ბაფერმა გვამცნო, რომ გამარჯვებული მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გამოვლინდა და ეს ახალი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი იყო. ამერიკელის სახეზე ბავშვური სიხარული იყო ის, რამაც უამრავ გულშემატკივარს კიდევ უფრო შეაყვარა სპორტის ეს სახეობა. გამარჯვებულს ქამარი თავად ხამზატ ჩიმაევმა გაუკეთა.
