მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და ფეხბურთელების ყურადღება საკლუბო სეზონიდან მთლიანად მუნდიალზე გადადის. ბევრმა მთავარმა მწვრთნელმა უკვე თავიანთი რჩეული კოლექტივიც დაასახელა - ზოგი ვარსკვლავის ბედი კი ჯერაც გაურკვეველია. ამ ბლოგების სერიაში მოგიყვებით, თუ როგორ ფორმაში ხვდებიან მუნდიალს მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები - ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სერიას წინა მუნდიალის ტრიუმფატორით, ლიონელ მესით გავხსნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცერთი ლიონელისგან (სკალონი, მესი) მიგვიღია დასტური იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა მესი თავის უკანასკნელ მუნდიალზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინელმა ამერიკის მუნდიალისთვის მზადება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო.
2023 წელს მესი პარიზიდან მაიამიში გადაბარგდა. ლეოს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ესპანურენოვან მხარეში ადაპტაცია არ გასჭირვებია - სამ წელიწადში არგენტინელმა ინტერ მაიამის მაისურით 102 მატჩი ჩაატარა, სადაც 89 გოლისა და 47 საგოლე პასს მოუყარა თავი. მოიგო MLS (ამერიკის ჩემპიონატი), MLS-ის თასი, ლიგის თასი და საფორთერს შილდი. ორჯერ გახდა MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ერთხელ საუკეთესო ბომბარდირი.
2026 წლის სეზონში არგენტინელის ანგარიშზე 14 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა - განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მესი მაიამის ბოლო სამ მატჩში. ორლანდოს წინააღმდეგ ლეომ “სოფასქორის” უმაღლესი შეფასება 10 დაიმსახურა - გოლი, ასისტი, 2 შექმნილი საგოლე შანსი, 5 საკვანძო გადაცემა და 6 წარმატებული დრიბლინგი.
ტორონტოს ინტერ მაიამიმ 4:2 სძლია. ლეომ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია 100-გოლიან კონტრიბუციას.
14 მაისს ბექჰემის გუნდი ცინცინატს ეწვია და რვა-გოლიან თრილერში მეტოქე 3:5 დაამარცხა - მესიმ ოჰაიოელებს სამჯერ გაუტანა, ერთხელ კი ახალგაზრდა არგენტინელს, მატეო სილვეტის გაატანინა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მესის 61-ე ჰეთ-თრიქი არ შედგა - ლეოს ბოლო გოლი ცინცინატის მეკარის, რომან ჩელენტანოს ავტო-გოლად გაფორმდა.
ლიონელ სკალონიმ ჯერ მხოლოდ მუნდიალის გაფართოებული, 55-კაციანი სია დაასახელა - ალბისელესტეს საბოლოო, 26-კაციან შემადგენლობას 1 ივნისამდე უნდა ველოდოთ.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თავის მეექვსე მუნდიალზე გაემგზავრება - რაც კრიშტიანუ რონალდუსთან და გილერმო ოჩოასთან ერთად სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
ფიფას რიგით 23-ე მსოფლიო თასი 11 ივნისს, 23:00 მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებით გაიხსნება.